კანადის ქალაქ ტორონტოში მიკროავტობუსი გზის საფეხმავლო ნაწილზე გადავიდა და ხალხში შევარდა. პოლიციის განცხადებით, თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

თავდასხმის შემდეგ, ავტომობილის მძღოლმა ადგილი დატოვა და პოლიციამ ის დაახლოებით ორი კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინა. ამ დროისთვის, თავდასხმაში ბრალდებული მძღოლი დაპატიმრებულია.

პოლიცია მძღოლის წარმომავლობასა და მის სავარაუდო მოტივზე ინფორმაციას არ ავრცელებს. ამ დროისთვის, უცნობია დაშავებულების მდგომარეობაც.

თავდასხმის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფეში მომუშავე ჩელსეა ლუელო ინციდენტს შეესწრო. ის ნანახს იხსენებს და ამბობს, რომ მძღოლი ხალხს განზრახ ეჯახებოდა:

"ისე ჩანდა, რომ ის პირდაპირ განზრახ მიიწევდა და საფეხმავლო ნაწილიდან გადასვლას არ ცდილობდა".

თვითმხილველების თქმით, დაშავებულები და სავარაუდოდ დაღუპულები გზის სხვადასხვა მონაკვეთზე იწვნენ და მათ გამვლელები და პოლიციელები უწევდნენ დახმარებას.

კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ თავდასხმის დროს დაშავებულებსა და დაღუპულების ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა.

ბოლო წლებში, მიკროავტრობუსებით მოქალაქეებზე თავდასხმა ისეთ დიდ ქალაქებში მოხდა, როგორიცაა ბარსელონა, ნიუ-იორკი, ლონდონი და ნიცა.