საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში საბანკო სექტორი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.

სააკაშვილის ამბობს, რომ მაისიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა "უსამართლო ვალების" აღრიცხვას დაიწყებს. მისივე თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა "საკრიზისო ფონდს" შექმნის და "უსამართლო ვალების" მიმართ ორწლიანი მორატორიუმის პოლიტიკას გაატარებს.

"უნდა აიკრძალოს ბანკების არაპროფილურ ბიზნესებში შესვლა. გადავადებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მკვეთრად უნდა შემცირდეს. უნდა დაწესდეს ზედა ზღვარი საპროცენტო განაკვეთზე... მევახშეების პარპაში უნდა დასრულდეს", - ამბობს სააკაშვილი.

მისი თქმით, დაბალი სოციალური ფონის პირობებში საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის დირექტორებმა რამდენიმე მილიონი დოლარის ოდენობის ხელფასი აიღეს.

"რის ხარჯზე გამოიწერეს ამხელა ხელფასი? ეს ხომ არის ნამდვილი გაღორება", - ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

რამდენიმე დღის წინ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ რეგიონის ბანკებში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი საქართველოშია.

მისივე თქმით, ბანკის მიერ დაფინანსებული კომპანიების საპროცენტო განაკვეთები ხშირად უფრო დაბალია ვიდრე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გაცემული კრედიტები ქართული კომპანიებისთვის.