დუისში სპეცოპერაციისას დაჭრის შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამბობენ, რომ სპეცოპერაციის ღამეს მათთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, იოსებ გოგაშვილი ჩავიდა და ემუქრებოდა. ამის შესახებ მათ რუსთავი 2-ს განუცხადეს.

მათი თქმით, გოგაშვილი მათთან თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის შემდეგ ჩავიდა.

"თითის ქნევით მითხრა, გახსოვს სალოსზე [ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა] რა მოხდა, გახსოვს მანდ სპეცრაზმელი რომ მოკლესო. სპეცრაზმელი თუ მოკლეს მე ან ჩვენ რა შუაში ვარ-მეთქი, ვკითხე. დამუქრებით მითხრა, თქვენ ძალიან კარგად იცითო", - ამბობს მაჩალიკაშვილის დედა, მედეა მაჩალიკაშვილი.

იოსებ გოგაშვილმა რუსთავი 2-თან სატელეფონო ინტერვიუში მაჩალიკაშვილების სიტყვები უარყო და თქვა, რომ სპეცოპერაციის ღამეს დუისში არ ჩასულა და სახლში იყო.

20 აპრილს მაჩალიკაშვილების ოჯახმა სუს-ს სასამართლოში უჩივლა.ოჯახის წევრები უწყების მხრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის დადგენასა და მათ მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

2017 წლის 21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად სუს-მა დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი პირი და სამი წევრის ლიკვიდირება მოახდინა. რამდენიმე კვირის შემდეგ, 26 დეკემბერს, პანკისში, ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. მაჩალიკაშვილმა სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიიღო.

გაიგეთ მეტი ისნის სპეცოპერაციაზე.