ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების გამოცდა შეაჩერა.

კიმ ჩენ ინის განმარტებით, ფხენიანს ცდების ჩატარების აუცილებლობა აღარ აქვს, რადგან ატომურ იარაღზე მუშაობა დაასრულა. როგორც ქვეყნის ლიდერმა აღნიშნა, ცდების "გაყინვა" კორეის ნახევარკუნძულზე ეკონომიკურ ზრდასა და მშვიდობის დამყარებას ისახავს მიზნად.

განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეა პირობას დებს, რომ ბირთვულ იარაღს მხოლოდ საფრთხის შემთხვევაში გამოიყენებს და ბირთვულ ტექნოლოგიას სხვა ქვეყნებს არ გადასცემს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ინიციატივას აშშ-ის პრეზიდენტი ტვიტერზე გამოეხმაურა.

"ეს ძალიან კარგი ამბავია ჩრდილოეთ კორეისთვის და მთელი მსოფლიოსთვის - დიდი პროგრესი. მოულოდნელად ველი ჩვენს სამიტს", - წერს დონალდ ტრამპი.

ბირთვული იარაღის გამოცდისა და ეკონომიკური სანქციების შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ გარე სამყაროსთან "დაახლოება" დაიწყო. ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც სამხრეთ კორეაში ჩატარდა, ნახევარკუნძული საერთო დროშის ქვეშ ასპარეზობდა. ოლიმპიადას ჩრდილოეთ კორეა ოფიციალური დელეგაციით ეწვია, რომელსაც კიმ ჩენ ინის და ხელმძღვანელობდა.

მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ იარაღზე უარის თქმისთვის მზადაა. 2011 წლის შემდეგ კიმ ჩენ ინმა ჩინეთში პირველი საერთაშორისო ვიზიტი მარტის ბოლოს განახორციელა. ფხენიანის ლიდერი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა.

უკვე ცნობილია, რომ 27 აპრილს კიმ ჩენ ინი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჯეი ენი ერთმანეთს შეხვდებიან.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის მოსამზადებლად ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და მომავალი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო გაემგზავრა.