ABC-ის სერიალი, გრეის ანატომია მე-15 სეზონითაც დაბრუნდება ეთერში.

გადაწყვტილება ამის შესახებ ABC-ის პრეზიდენტმა და შონდა რაიმსმა ერთობლივად მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად 14 წლიანი ეთერისა, სერიალი არხის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, გარდა მაყურებლების დიდი რაოდენობისა, სერიალი წარმატებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და 125-ზე მეტ ქვეყანაში გადის. მთავარი როლის შემსრულებელმა, ელენ პომპეომ კი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სერიალს არხისთვის $3 მილიარდიანი მოგება მოაქვს. შესაბამისად, გადაწყვეტილება შოუს გაგრძელებაზე გასაკვირი ნამდვილად არ არის.

როგორც ABC-ის დირექტორი, ჩენინგ დანგი ამბობს არხის ხელმძღვანელობის მიზანია, გრეის ანატომიამ საკულტო სერიალ სასწრაფოს აჯობოს, რომელიც 15 სეზონისგან შედგებოდა.

"დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ გრეის ანატომია ეთერში იქნება მანამ, სანამ ამის სურვილი შონდა რაიმსს ექნება", - ამბობს ABC-ის გასართობი გადაცემების განყოფილების უფროსი.

გარდა ამისა, სიახლეა ისიც, რომ შოუს მე-14 სეზონის ვიხილავთ ძველ, ჩვენთვის კარგად ნაცნობ პერსონაჟ ნიკოლ ჰერმანს, რომლის როლსაც ჯინა დევისი ასრულებდა.

დევისი ჯერ-ჯერობით მხოლოდ მე-14 სეზონის ერთ ეპიზოდში გამოჩნდება და ნაკლებ სავარაუდოა, რომ ის შემდეგ სეზონშიც ვიხილოთ.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, უკვე დადასტურებით ვიცით, რომ ორი ექიმისთვის - არიზონა რობინსისა და ეიპრილ კეპნერისთვის მე-14 სეზონი ბოლო იქნება. პროდიუსერების გადაწყვეტილებით ჯესიკა კეპშოუ და სარა დრიუ გრეის ანატომიას ტოვებენ.