აქამდე ყველასთვის უცნობი კადრები პრინცის მემკვიდრეებმა მისი სიკვდილიდან 2 წლისთავზე გამოაქვეყნეს. ვიდეო 1984 წელსაა გადაღებული.

Nothing Compares 2 U-ს პირველი ვერსია მძიმე გიტარისა და საქსაფონის სოლოს ფონზეა ჩაწერილი, მის იმდროინდელ მუსიკალურ პარტნიორთან ერიკ ლიდსთან ერთად.

სიმღერას ბექ-ვოკალით მომღერალი და პრინცის ყოფილი შეყვარებული სუზანა მელვოინი ამდიდრებს. სწორედ მან ჩაწერა მოგვიანებით სიმღერა The Family-სთან ერთად, რომლის პირველი ვერსიაც ოფიციალურად 1985 წელს გამოვიდა.

სიმღერა Nothing Compares 2 U პრინცმა The Family-სთვის დაწერა და ის ჯგუფის ერთადერთ და 1985 წელს გამოსულ ალბომში შევიდა. ის სინგლად არ იყო წარმოდგენილი და ამიტომ დიდი ყურადღება არ მიუპყრია. პრინცისთვის სიმღერის დაწერისას შთაგონების წყარო ბენდის ერთ-ერთი წევრი იყო, რომელიც შეყვარებულმა გოგომ მიატოვა.

პრინცმა სიმღერა პირველად 1993 წელს, ცოცხლად, როზი გეინსთან ერთად შეასრულა.

რაც შეეხება ირლანდიელ მომღერალს, შინეიდ ო'კონორს, მან თავისი პირველი ალბომი The Lion and the Cobra 1987 წელს გამოუშვა. ალბომი ხშირად ისმოდა კოლეჯების რადიო-სადგურებში, თუმცა მომღერლის მსმენელების არმია არც ისე დიდი იყო.

1990 წელს ო'კონორმა Nothing Compares 2 U-ს ქავერი ჩაწერა და კლიპი გამოუშვა. სწორედ ამ სიმღერამ მოუტანა შინეიდს მსოფლიო აღიარება.

შინეიდის ვერსია 17 ქვეყანაში #1 ჰიტი იყო, ხოლო ამერიკაში 1990 წელს ყველაზე ხშირად მოსმენადი სიმღერების ასეულში 4 კვირის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო.