ტრანსპორტის განვითარება, ხმაურის რეგულირება, უსაფრთხოების საკითხები, კულტურისა და ხელოვნების ინდუსტრიის განვითარება - ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რასაც ღამის თბილისის ეკოკნომიკის განვითარების კონცეფცია ითვალისწინებს.

კონცეფციის წარდგენისას თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ღამის ეკონომიკის მთავარი მიმართულება დედაქალაქის სხვადასხვა უბნის განვითარებაა.

ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ პროექტი ბიუჯეტიდან მინიმალური დანახარჯით უნდა განხორციელდეს და ძირითადად მასში ბიზნესი და დონორები უნდა ჩაერთონ.

გვარჯალაძის თქმით, კონცეფციის შედგენისას მათ სხვა ქალაქების გამოცდილება გაითვალისწინეს. მისივე განმარტებით, მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ჩატარდება კვლევა, რის შემდეგაც დაიწერება სტრატეგია.

On.ge-ს კითხვაზე ეყოლება თუ არა დედაქალაქს ღამის ცხოვრების მერი, როგორც ეს ნიუ-იორკში, ამსტერდამსა და სხვა ქალაქებშია, კახა კალაძემ გვიპასუხა, რომ ეს კვლევების ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.

პრეზენტაციის დროს არ დაკონკრეტებულა როდის იქნება სტრატეგიის პრეზენტაცია ან რა თანხმებთან იქნება დაკავშირებული სამომავლო ექვსთვიანია კვლევა. ასევე, უცნობია სამომავლოდ როდისთვის იგეგმება თბილისში ღამის ეკონომიკის დანერგვა.

უცნობია როგორ აპირებს თბილისის მერია ტრასპორტის საკითხის მოგვარებას, როდესაც მეტრო მხოლოდ ღამის თორმეტ საათამდე მუშაობს და 24 საათის განმავლობაში ავტობუსი მხოლოდ ერთ ხაზზე დადის. ივნისიდან, ასევე, მოქმედებს ხმაურის ამკრძალავი კანონი, რომლის მიხედვითაც ღამის 11 საათის შემდეგ დილის 7 საათამდე კონკრეტული დონუს ხმაური აკრძალულია.

ღამის ეკონომიკის კომპონენტები და ასპექტები:

  • ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, კომუნიკაცია;
  • ხმაურის რეგულირება;
  • უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • კულტურული აქტივობები;
  • უბნების რეგენრაცია.

ვინ იქნებიან ჩართული ღამის ეკონომიკაში:

  • ტრანსპორტი და კომუნიკაციის სექტორი;
  • სასტუმროები და რესტორნები;
  • ტურიზმის სექტორი;
  • კულტურისა და კრეატიული ინდუსტრია;
  • სპორტის ინდუსტრია;
  • ვაჭრობის სექტორი;
  • მერია.