ზუგდიდიდან 100-წლოვანი ხეების გადატანის გამო ღამით რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა და დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ხეები საქართველოს ყოფილი პრემიერისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში მიაქვთ.

ელექტროენერგიის შეწყვეტას ადასტურებენ ენერგო-პრო ჯორჯიაში, ინფრასტრუქტურის - განათების ბოძებისა და საგზაო ნიშნების დაზიანებას კი - ზუგდიდის მერიაში.

როგორც ენერგო-პრო ჯორჯიას პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ავთო დვალიშვილმა On.ge-სთან საუბარში აღნიშნა, გუშინ ღამით კომპანიის თანამშრომლებმა ელექტროსადენები ჩახსნეს. მისი თქმით, რამდენ აბონენტს შეუწყდა ღამის პირველი საათიდან დილის შვიდ საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება ინფორმაცია არ აქვს.

"ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, არ ვიცით რას უკავშირდებოდა. ჩვენთან ენერგოკომპანიაში განაცხადი იყო შემოსული არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვაზე", - აღნიშნა დვალიშვილმა.

On.ge-ს ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაგდალინა თოდუამ განუცხადა, რომ ხის გადატანით დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ის კომპანია აღადგენს, რომელიც სამუშაოებს ასრულებდა. მისივე თქმით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო დაეკისრება თუ არა კომპანიას ჯარიმა ინფორმაცია არ აქვს.

ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს შეკვეთილში აშენებს. პარკში ხეების გადატანა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ხეების გადატანის გამო არაერთხელ გაეთიშა ადგილობრივ მოსახლეობას ელექტროენერგია.