სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით შემოსავლების სამსახურის ქვემო ქართლის ადმინისტრირების, იძულებითი ღონისძიებების სამმართველოს მთავარი ოფიცერი ლაშა ჩ. დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული საქართველოს მოქალაქეს ერთ-ერთი მეწარმის მხრიდან, სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების - 107 ათასი ლარის საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გზით, 20 ათას ლარამდე შემცირებაში დახმარებას დაჰპირდა.

სუს-ის ინფორმაციით, ბრალდებულმა სანაცვლოდ ქრთამის სახით 5000 ლარი მოითხოვა:

"მან იმავე მოქალაქეს, 16 აპრილს, წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი - 1000 ლარი, ხოლო 18 აპრილს, ასევე გამოართვა 1000 ლარი".

გამოძიება ქრთამის აღების საქმეზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.