აუდიტორია #115-მა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ტყიბულელი მეშახტეების სოლიდარობის აქცია გამართა.

აუდიტორია #115-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შეხვედრაზე დასწრების უფლება ტყიბულელ მეშახტეებს არ მისცეს.

"ვაპროტესტებთ და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობრებს, ხოლო სახელმწიფოს მოუვუწოდებთ, დაუყონებლივ შეასრულოს მუშათა მოთხოვნები", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ტყიბულის შახტის, ჭიათურის მაღაროსა და აგარის შაქრის ქარხნის საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია შეიკრიბა.

შეხვედრაზე დასწრების სურვილი გამოთქვეს ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფმა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამმხრივ კომისიაში სხვა მხარეების ჩართვას ფორმატი არ ითვალისწინებს და დასაქმებულების პოზიციის გაჟღერების პასუხისმგებლობა პროფესიულ კავშირებს აქვს.

სამმხრივ კომისიაში ჩართულები არიან ჯანდაცვის სამინისტროს, პროფესიული კავშირებისა და შპს "საქნახშირის" წარმომადგენლები.