რა გზით და რა პირობებით შეიძლება ევროპაში ლეგალურად დასაქმება?

ევროპაში მუშაობის დასაწყებად აუცილებელი წინაპირობა ვაკანსიის მოძიებაა. ამ ინფორმაციის მიღება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი დასაქმების სამსახურებშია შესაძლებელი. ისინი არჩევენ პირველად ნაკადს, რის შემდეგაც ინიშნება პირისპირ ან ონლაინინტერვიუ უცხოელ დამსაქმებელთან. ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში დასაქმების პროგრამას მხოლოდ პოლონეთი სთავაზობს.

"კანდიდატებს ვუხსნით, რომ მათივე ინტერესშია სიმართლის თქმა, რადგან დამსაქმებელს ვერავინ მოატყუებს თავის კომპეტენციაზე. აქვე, საუბარია ენის ცოდნაზე, ელემენტარული რუსული ენის ცოდნაა საჭირო", - ამბობს მიგრაციის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნათია კვიციანი.

თუ ვინმეს აუწყობ ინფორმირებულ მექანიზმსა და სისტემას, აქედან უცხოეთში დასაქმებისთვის, რატომ წავა არალეგალურად, თუ არსებობს ლეგალური პერსპექტივები? აირჩევს იმ გზას, რომელიც მისთვის სასიკეთოა.

ნათია კვიციანი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ხელმძღვანელი

ნათია კვიციანი აღნიშნავს, რომ ევროპაში დასაქმების მიზნით წასული ადამიანები ვერ მიიღებენ იმაზე დაბალ ხელფასს, ვიდრე იმავე სამუშაოში იღებს ადგილობრივი მოქალაქე.

მისი თქმით, პოლონეთში მინიმალური ანაზღაურება 419 ევროა (1 747 პოლონური ზლოტი), რაც, როგორც წესი, ორმაგდება კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და დამსაქმებლის პირობების შესაბამისად.

ნათია კვიციანი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ხელმძღვანელი

ნათია კვიციანი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ხელმძღვანელი

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

მიგრაციის ორგანიზაციის წარმომადგენელი ჰყვება, რომ პოლონეთში გამგზავრებული შემდუღებლები ახლა გერმანული დონის სერთიფიკატის აღებას ცდილობენ: "ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპის ნებისმიერ ქვეყენაში უპრობლემოდ დასაქმდე, გახდე საერთაშორისო სამუშაო ძალა".

პოლონეთში, დროებითი დასაქმების პროგრამით წასულ მოქალაქეებს, ერთი წლის განმავლობაში, არაუმეტეს 6 თვის ვადით შეუძლიათ მუშაობა. შემდეგ აუცილებელია სამშობლოში დაბრუნება. არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა შესაძლებელია, დამსაქმებელთან შეთანხმების საფუძველზე, ბინადრობისა და შრომის უფლება მიიღონ კიდევ ერთი წლით.

როგორც ნათია კვიციანი განმარტავს, დასაქმებულს ვერავინ დაადებინებს ისეთ პირობას, რაც მისი უფლებას ეწინააღმდეგება:

"მას აქვს გადაადგილების უფლება, ვაძლევთ კანონიერად მუშაობის, პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარების შანსს, იქ ახალ ფასეულობებს ეზიარებიან, ევროპული ცხოვრების წესს, შრომის ეთიკას. რეგულირებული შრომითი მიგრაცია ხელს უწყობს კანონიერ დასაქმებას, სადაც მიგრანტის შრომისა და სოციალური უფლებები სრულად არის დაცული."

რა კეთდება კანონიერი მიგრაციისთვის

პირველ მარტს ჯანდაცვის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის გაფორმებული მემორანდუმით, ოფიციალურად დაიწყება მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნებთან ლეგალური დასაქმების პროცესის გასაფართოებლად. თუმცა მანამდე, 2015 წლიდან, მიგრაციის ორგანიზაციამ საპილოტე პროექტი დაიწყო.

"უკვე დეკადებია, რაც საკმაოდ მაღალია მიგრაციის ტალღები საქართველოდან დასავლეთის მიმართულებით. დღეს აწყობილი, რეგულირებული პროცესი არ გვაქვს, ამიტომ ქვეყანამ დაინახა საჭიროება", - ამბობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ხელმძღვანელი ნათია კვიციანი.

უვიზო მიმოსვლის პირობები აბსოლუტურად კონცენტრირებულია სხვა ვადაზე, ის არ იძლევა დასაქმების ნებართვას. იმისათვის, რომ არ დაირღვეს ეს პირობები და ქვეყნის იმიჯზეც არ აისახოს ამდენი დეპორტირებული, ჩვენ ვთავაზობთ პროაქტიულად, ლეგალურად.

ელზა ჯგერენაია, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ელზა ჯგერენაია On.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ მემორანდუმის ფარგლებში, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, IOM ჩაერთოს ქვეყნებს შორის ორმხრივი ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში:

"პოლონეთის გარდა, მიმდინარეობს მუშაობა ევროპის სხვა ქვეყნებთანაც, რათა ჯერ ინტერესი გამოხატონ საქართველოს მიმართ. ერთ-ერთი მათგანია ლიტვა, სხვა ქვეყნების დასახელებისგან კი ჯერჯერობით თავს ვიკავებთ".

მიგრაციის ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, საცდელ ეტაპზე, სულ 1 200-მდე ადამიანთან გაიარეს კონსულტაცია. მათგან 409 პირი დარეგისტრირდა სამუშაოს მაძიებლად, 2017 წელს შემდუღებლების პირველი 10-კაციანი ჯგუფი პოლონეთში გაემგზავრა. დღევანდელი მდგომარეობით, მათი რაოდენობა 30-ს გადასცდა.

ნათია კვიციანის თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ შემდუღებელი კაცები წავიდნენ, თუმცა მოთხოვნა იყო ქალებზეც, ტექსტილის ინდუსტრიაში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ.

"[ტექსტილის ინდუსტრიაში] იმდენად დაბალი ანაზღაურება იყო, რომ კანდიდატებმა თავად თქვეს უარი წასვლაზე. ქალების ინტეგრირების დიდი ინტერესი გვაქვს ამ პროგრამაში, რათა გარდა ოჯახში მომსახურებისა მათ შეძლონ პროფესიის მიხედვით დასაქმება და კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარების განვითარება", - აღნიშნავს ის.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ტექსტში ნათქვამია, რომ მხარეებმა კანონიერ მიგრაციაზე თანამშრომლობა უნდა გააღრმავონ:

[მხარეები] ვალდებულებას იღებენ რა, გააღრმაონ დიალოგი და თანამშრომლობა მობილურობის, მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის მიმართულებით, ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის "პარტნიორობა მობილურობისათვის" ინიციატივის გათვალისწინებით, ყოვლისმომცველი მიდგომის გამოყენებით, ყურადღება გაამახვილონ კანონიერ მიგრაციაზე, ცირკულარული მიგრაციის ჩათვლით.

დროებითი შრომითი მიგრაცია არალეგალური მიგრაციის ალტერნატივად მოიაზრება, თუმცა ჯერ მხოლოდ მცირე მასშტაბით.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის თქმით, ვიზალიბერალიზაციის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია ლეგალური მიგრაციის დანერგვა საქართველოში:

"უვიზო მიმოსვლის პირობები აბსოლუტურად კონცენტრირებულია სხვა ვადაზე, ის არ იძლევა დასაქმების ნებართვას. იმისათვის, რომ არ დაირღვეს ეს პირობები და ქვეყნის იმიჯზეც არ აისახოს ამდენი დეპორტირებული, ჩვენ ვთავაზობთ პროაქტიულად, ლეგალურად".

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან ერთ წელში, საჰაერო გზით, საქართველოს მოქალაქეებმა 253 562-ჯერ გადაკვეთეს შენგენის ზონა. უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35 პროცენტით გაიზარდა.

ვოლვოს ქართველი თანამშრომელი

კახა მასხულია პროფესიით შემდუღებელია. ხელობა საქართველოში, პროფესიულ კოლეჯში შეისწავლა და პატარა სახელოსნოში დასაქმდა, თუმცა, მაღალი ანაზღაურებისა და უკეთესი გამოცდილების მიღების მიზნით, მაინც საზღვარგარეთ მუშაობა გადაწყვიტა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისგან გაიგო, რომ დროებით საზღვარგარეთ დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საქართველოში დამსაქმებლები კანდიდატების ასარჩევად ჩამოდიოდნენ.

პირველად, 2017 წლის ნოემბერში წავიდა პოლონეთში და ვოლვოს სატვირთო ავტომანქანების ქარხანაში დასაქმდა. სამი თვის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ახლა ისევ უკან მიდის. იხსენებს, რომ ჩასვლისას დამსაქმებლები მატარებლის სადგურში დახვდნენ და სახლამდე მიიყვანეს, რომლის ქირის საფასურსაც, პირველ ეტაპზე, ისინი იხდიდნენ.

კახა მასხულია

კახა მასხულია

"მეგონა, რაღაც ვიცოდი და როცა ჩავედი, სამი დღე გამოცდებს ვაბარებდი", — ჰყვება კახა და ამბობს, რომ იქ ძალიან მაღალ დონეზე, ხარისხიანად ითხოვენ ყველაფერის ცოდნას. ფიქრობს, რომ ასეთი უნარები უკვე თავადაც გამოიმუშავა.

6-თვიანი სამუშაო ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ გეგმავს, რომ კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივოს პოლონეთში მუშაობის პერიოდი. ამბობს, რომ ერთი წლის შემდეგ უცხოეთში გაჩერებას აღარ აპირებს, რადგან მისი სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება:

"იქ ყოფნის დროს ისეთი გამოცდილება შევიძინე, რომ საქართველოში თუ რაიმე სერიოზული კომპანია გაიხსნება ამ მიზნით, თავისუფლად შემიძლია მუშაობა, თუმცა, ჯერ აქ არ არის არც ისეთი სამსახური და არც ხელფასი, რომ… ახლაც, თუ რამე გამოჩნდა, 1 500 ლარი მაინც რომ იყოს ხელფასი, არც დავფიქრდებოდი, 370 ლარი მაქვს ბილეთში გადახდილი, მაგრამ არაუშავს, გადავაგდებდი".