შეწყალების კომისია გაფართოვდება და მის მუშაობაში სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელი ჩაერთვება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახი კახიშვილისა და შეწყალების კომისიის შეხვდრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის საერთო სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც უწყებებს შორის კომუნიკაციისა და შეწყალების პროცესის გასაუმჯობესებლად იმუშავებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის თქმით, მთავარი სულისკვეთება, რომ მნიშვნელოვანია პროცესის გაუმჯობესება - საერთოა. ფაქტია, რომ იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ გაურბის.

"მისაღებია მინისტრის ინიციატივა კომისიის შემადგენლობაში იყოს ჩართული სასჯელაღსრულების და პრობაციისა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელი. ვფიქრობთ, ეს სამუშაო პროცესი, საბოლოო ჯამში, ყველა ტიპის ხარვეზის აღმოფხვრას მთლიანად უზრუნველყოფს", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.