მართალია, 18 აპრილს, ჰოლანდიის ჩემპიონატში, ვიტესმა ალკმაართან 3:4 წააგო, მაგრამ ეს შეხვედრა კლუბისთვის მაინც ისტორიული მნიშვნელობის გახდა. გუნდის კაპიტანის გურამ კაშიასთვის ეს იყო 243-ე მატჩი ერედივიზიონში, რაც კლუბის რეკორდია ჩატარებული თამაშების მხრივ.

კაშიას რეკორდის დამყარება გუნდელებმა და მწვრთნელებმა მიულოცეს. კაშიამ მადლობა გადაუხადა მათ და აღნიშნა, რომ მისი წარმატება ყველას დამსახურებაა, ვინც ამ რვა წლის განმავლობაში ვიტესის გუნდში იყო:

"ძალიან ვამაყობ ამ მიღწევით. ფეხბურთი ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრება. მე ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ კარგი ვიყო, იმდენად კარგი, რამდენადაც შემიძლია. რთული შრომა დამიფასდა."

აქამდე ვიტესს 242 მატჩიანი რეკორდი ჰქონდა, რომელიც ტეო იანსენს ეკუთვნოდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ჰოლანდიურ კლუბში 2010 წლიდან თამაშობს. ვიტესში კაშია თბილისის დინამოდან გადავიდა.