მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა იზღუდება. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნუნლმა ბანკმა გაავრცელა.

"შემოსავლის დადასტურების გარეშე საცალო სესხების გაცემის მოტივაციის შემცირება ხელს შეუწყობს საკრედიტო სტანდარტების გაუმჯობესებას საბანკო სექტორში, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესებასა და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების წახალისებას", - ნათქვამია განცხადებაში.

სებ-ის განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვაზე. მის ფარგლებში, სესხის გაცემისას შემოსავლების შემოწმება გახდება სავალდებულო და ამასთანავე, განისაზღვრება სესხის მომსახურების კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტი, რათა მომხმარებელს შეეძლოს კრედიტის გასტუმრება ფინანსური სიძნელეების გარეშე.

ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს ამოქმედებამდე, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს შეეზღუდებათ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტზე მეტად. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ძვირფასი ქვებითა და ლითონებით ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებს, უზრუნველყოფის ღირებულების ფარგლებში. ამასთან, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15 პროცენტს და სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი არ უნდა იყოს 50 პროცენტზე მეტი.