ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, რეზო ხარაზი და სოლომონ ბაჯელიძე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ხის გადატანისას ხელის შეშლას ცდილობდნენ, სასამართლომ 250-250 ლარით დააჯარიმა.

4 აპრილს ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, გზის გადაკეტვით, ასწლოვანი ევკალიპტის გადატანას აპროტესტებდნენ. ხარაზი და ბაჯელიძე ხის პლატფორმაზე ავიდნენ და ხის გადატანას ხელს უშლიდნენ. პოლიციამ ისინი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა.

როგორც ხარაზი On.ge-სთან ყვება, პოლიციელებიც ადასტურებდნენ, რომ მათ სიტყვიერი შეურაცყოფა არ მიუყენებიათ და არც აგრესიულად იქცეოდნენ:

"მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება ტელევიზიაზე დაყრდნობით, ალბათ, უყურა იმედის კვირას და იქიდან მიიღო გადაწყვეტილება".

ხარაზის თქმით, მას გადაწყვეტილი აქვს, სამომავლოდ პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს, კერძიდ, გზები გადაკეტოს და ასფალტირებას ხელი შეუშალოს.