ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივით, საქართველოს ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ და ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი ეწვევიან.

მწერლების შეხვედრა საქართველოში მაისსა და ივნისში გაიმართება. მასპინძლობას თბილისში, დავით გარეჯსა და ყაზბეგში თანამედროვე ქართველი ავტორი არჩილ ქიქოძე გაუწევს. სპეციალურად ორივე ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი ჩამოდის.

ნორვეგიელი და ფრანგი მწერლები საქართველოს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და მათი ქართული გამომცემლობის, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მოწვევით ესტუმრებიან.

ერლენდ ლუ თბილისს 28 მაისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში მწერალი ესტუმრება მის ქართულ გამომცემლობას და შეხვედრას გამართავს მკითხველთან წიგნის მაღაზიაში სანტა ესპერანსა. 31 მაისს კი გაიმართება პანელ-დისკუსია, რომელშიც ერლენდ ლუსთან და არჩილ ქიქოძესთან ერთად მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ბორდის თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ჯობავა მიიღებს.

ერლენდ ლუს რომანებიდან ქართულად ნათარგმნია "ნაივური, სუპერი" და "დოპლერი".

მიშელ უელბეკი საქართველოში 23 ივნისს თავის ფრანგ გამომცემელთან ერთად ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში ის ერთ დიდ შეხვედრას გამართავს მკითხველთან რუსთაველის თეატრში, მეორე შეხვედრაზე კი ის არჩილ ქიქოძესთან, მედეა მეტრეველთან და იურგენ ბოსთან ერთად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის როლზე, გამოწვევებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

მიშელ უელბეკის წიგნებია: "მორჩილება", "რუკა და ტერიტორია", "კუნძულის შესაძლებლობა", "პლატფორმა", "ელემენტარული ნაწილაკები" და სხვა.