ბოლო წლებში მეცნიერები და ექიმები სულ უფრო და უფრო მეტს ღელავენ ტყვიით მოწამვლაზე. როგორც შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ამბობს, ამ ტოქსიკური ლითონის უსაფრთხო და დასაშვები ნორმა არ არსებობს.

ტყვიასთან შეხებას ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემის დაზიანება შეუძლია და იმის გამო, რომ სიმპტომები შეუმჩნეველია, ხშირად შეიძლება ტყვიით მოწამვლა ადამიანს საერთოდ გამორჩეს. განსაკუთრებით საშიში კი ტყვიით მოწამვლა მაშინაა, როცა მისი მსხვერპლი ბავშვი ხდება.

1. ტყვიით მოწამვლის მთავარი გამომწვევი მიზეზი სახლში არსებული გარემოა

მეოცე საუკუნის 80-იან წლებამდე, უამრავ ქვეყანაში, სახლებს ტყვიის შემცველი საღებავით ღებავდნენ. ამერიკაში 1978 წლამდე შეღებილი სახლების 35 პროცენტში, რამე ადგილი მაინც იყო შეღებილი ასეთი საღებავებით. ამერიკის ეროვნული ჯანდაცვის დაცვის ორგანიზაცია მოქალაქეებს სახლში არსებული მტვრის შემოწმებისკენ მოუწოდებს.

2. ყველაზე ხშირად, ტყვია ბავშვების გარშემო ისეთ გარემოში გვხვდება, სადაც მტვერი, მიწა და შეღებილი ადგილებია

ბავშვები საფრთხეში მხოლოდ მიწაში თამაშის დროს არ არიან. ხანდახან ტყვიის შემცველი მტვერი გარედან უფროსებს შეაქვთ სახლში. ამიტომ, კარგი იქნება, თუ სახლში შესვლისას ფეხსაცმელებს კარებთან დატოვებთ და მიწაში თამაშის შემდეგ, ბავშვს ხელებს კარგად დაბანთ.

ამის გარდა, ტყვია შეიძლება იყოს ფანჯრის საღებავაქერცლილ რაფებზე. ამიტომ, აუცილებლად გაწმინდეთ ფანჯრის ჩარჩო სველი ტილოთი.

ფოტო: Flickr / John Dyer

3. თუ მშობლები მშენებლობაზე, ქარხანაში ან მიწის მეურნეობაზე მუშაობენ, მათ სამსახურიდან სახლში დაბრუნებამდე და ბავშვთან კონტაქტის დამყარებამდე უნდა დაიბანონ და ტანსაცმელი გამოიცვალონ

თუ ტყვიასთან, ან ტყვიის შემცველ საგნებთან და ნივთიერებებთან გაქვთ შეხება, იმის შანსი, რომ ის ტოქსიკური ნივთიერება საცხოვრებელ გარემოში მოხვდება ან თავად დაგაავადებთ, მაღალია. თუმცა, თუ სამუშაო ადგილზე ყოფნისას სახეს, საჭმელსა და პირს არ შეეხებით, ხოლო სახლში წასვლამდე შხაპს მიიღებთ, ტანსაცმელს გამოიცვლით და სამუშაო ხელსაწყოებს თან არ წაიღებთ, გარშემომყოფებსა და საკუთარ თავებს დაიცავთ.

4. ტყვიით მოწამვლის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ 6 წლამდე ბავშვები არიან

როცა ბავშვები დახოხავენ და პირში ხელებსა და სხვადასხვა ნივთებს იდებენ, ტყვიით მოწამვლის რისკი იზრდება, რადგან გარემო ხშირად მტვრითა და ტყვიის შემცველი ნაწილაკებითაა სავსე. ამ რისკის ქვეშ არიან სკოლამდელი ასაკის ბავშვებიც.

5. სისხლის შემოწმებისას ტყვიის აღმოჩენა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული

ტყვიის ხარისხის დაფიქსირება დამოკიდებულია მისი სიმძიმის დონესა და გამოყოფის ხანგრძლივობაზე. სხეული ტყვიას სისხლისა და შარდის საშუალებით ყოველდღიურად და სტაბილურად გამოყოფს. ეს პროცესი შესაძლოა თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს. თუმცა, ბავშვების სხეულში მოხვედრილი ტყვიის ნაწილაკები ტვინში და სხვა ადგილებში "იდებენ ბინას" და შეიძლება წლების განმავლობაში არ დატოვონ ორგანიზმი.

6. ტყვიით მოწამვლის ეფექტი შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს

სხვადასხვა კვლევების მიხედვით, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა შეიძლება დაკავშირებული იყოს IQ-ს დაბალ მაჩვენებელთან, ქცევისა და სწავლის პრობლემებთან. ბავშვობაში ტყვიით მოწამვლა ასევე დაკავშირებულია დიდობაში ჯანმრთელობის პრობლემებთან, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასთან და კრიმინალთან.

7. მითია მოსაზრება, რომ "საკვებში ტყვიის მცირე რაოდენობის არსებობას არა უშავს".

ბავშვებისთვის ტყვიის არსებობის უსაფრთხო მაჩვენებელი არ არსებობს. მისი მინიმალური ოდენობით გამოწვეული მოწამვლაც კი შესაძლოა ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა პრობლემაში გამოვლინდეს.

ასევე, როცა საქმე ონკანიდან წამოსულ წყალს ეხება, დასალევად და საკვებში გამოსაყენებლად საუკეთესო არჩევანია ცივი წყალი, რადგან ონკანიდან წამოსულ თბილ წყალში ტყვია უკეთ "იხსნება".

ფოტო: Getty Images

8. "თუ ბავშვი კარგად ვითარდება, ტყვიაზე რატომ უნდა ვინერვიულო?" - ესეც მითია!

სიმპტომების არარსებობა არ ნიშნავს, რომ ბავშვი ტყვიით მოწამლული არ არის. ორგანიზმში მისი დაბალი მოცულობით არსებობა რთულად დასადგენი დაავადებების რისკს ზრდის.

9. ხელების ხშირი დაბანა ის მთავარი ჩვევაა, რომელიც ტყვიით მოწამვლისგან დაგიცავთ.

გარეთ ყოფნის შემდეგ და ჭამამდე ხელების დაბანა მოწამვლის თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ. პრევენციისთვის, სათამაშოები და ის ნივთები, რასაც ბავშვები ეხებიან, ხშირად უნდა გაირეცხოს.

თუ სახლში ძველი სათამაშოები გაქვთ, რომლებსაც საღებავები სძვრება, ისინი სასწრაფოდ გადაყარეთ!

10. ჰიპერაქტიულობა, ლაპარაკის დაწყების დაგვიანება და პიკას კვებითი დარღვევა - სიმპტომები, რის გამოც, შვილი პედიატრთან უნდა წაიყვანოთ.

თუ ტყვიით მოწამვლის ეჭვი უკვე გაქვთ, თქვენი ბავშვის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. თუ ბავშვს ცარცის, ფურცლის ან სილის ჭამის სურვილი აქვს, გადაჭარბებულად აქტიურია ან მოტორულ განვითარებაში ჩამორჩენა აქვს, თქვენი პატარა ექიმს უნდა აჩვენოთ.

ამ თემაზე უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად აუცილებლად ნახეთ სხვა შუადღის გადაცემა, სადაც ტყვიით მოწამვლაზე ექსპერტი საუბრობს.