ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკებმა“ ფინანსური განათლების ცენტრი დააფუძნეს.

ფინანსური განათლების ცენტრის მიზნებისა და გეგმების შესახებ მედიის წარმომადგენლებს ცენტრის დამფუძნებლები ესაუბრნენ. ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანმა, გიორგი ქადაგიძემ, ფინანსური განათლების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე წარადგინა.

გიორგი კეპულაძემ აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცენტრის ხელმღძვანელობა. მისი აზრით, საქართველოში აუცილებელია ამ კუთხით განათლების ამაღლება, განსაკუთრებით კი მოზარდებში. ცენტრის მთავარი მიზანი სწორედ ეს იქნება - დაეხმაროს სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ფინანსური განათლების ამაღლებაში.

გიორგი ქადაგიძემ მედიის წარმომადგენლებს ლექციაც წაუკითხა, თემაზე "განათლება და ეკონომიკური ზრდა". მედია სკოლის დეკანმა აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატებისთვის ყველაზე დიდი ინვესტიცია სწორედ განათლებაში უნდა განხორციელდეს. მისი აზრის დასასაბუთებლად კი, სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები მოიყვანა. გიორგი ქადაგიძის თქმით, თუ საქართველოში არ მოხდება ძირეული გარდაქმნები განათლების სფეროში, ქვეყანას განვითარება ძალიან გაუჭირდება.

ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

უნივერსიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანებული ძალებითა და რესურსებით, ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით იმუშავებენ. დაგეგმილია ერთობლივი პროექტები, რომელიც მოიცავს ტრენინგებს, კვლევებს, სადისკუსიო შეხვედრებს და სხვადასხვა საგანმანათლებლო და სტუდენტურ აქტივობებს.

ფოტო: http://go.on.ge/nqp

"ჩვენი მთავარი მიზანი არ არის მხოლოდ აკადემიურ შინაარსზე ზრუნვა და მუდმივი განახლება. ჩვენი მიზანი, სხვადასხვა სეგმენტში, ფინანსური განათლების გავრცელებაცაა. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით, ბევრ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ. ამ საქმეში დიდი როლი ექნება საზოგადოება და ბანკების იმ გუნდს, რომელსაც ამ მრივ უკვე დიდი გამოცდილება აქვს. იმედი გვაქვს, რომ კერძო სექტორიც გამოიჩენს ინიციატივას და მათთან ერთად გავაკეთებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს", - ამბობს გიორგი ქადაგიძე

ფინანსური განათლების დონის ამაღლებისთვის ცენტრი ითანამშრომლებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან: სამთავრობო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, აკადემიურ წრეებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან.

"ჩვენ ვაპირებთ, რომ სხვადასხვა ტიპის კამპანიები ჩავატაროთ. ეს კამპანიები იქნება როგორც ფინანსური განათლების მიმართულებით, ასევე ზოგადად განათლების თემასთან დაკავშირებით. ამ ცენტრის შექმნის მიზანიც სწორედ ესაა, რადგან საქართველოში ფინანსური განათლების კუთხით სავალალო მდგომარეობაა", - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

ფინანსური განათლების ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში იფუნქციონირებს.