ბერძნული ჯგუფი Rotting Christ აცხადებს, რომ საქართველოში შემოსვლისას ჯგუფის წევრები ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.

ჯგუფის სოლისტი, საკის ტოლისი წერს, რომ ხუთშაბათს, 12 აპრილს, დილით ადრე თბილისში ჩამოვიდნენ. მისივე მტკიცებით, დოკუმენტების შემოწმების შემდეგ ის და მისი ძმა პოლიციამ გააჩერა:

"Rotten Chris საქართველოში საეჭვო ვითარებაში დააკავეს ტერორიზმის ბრალდებით, სავარაუდოდ ბენდის სახელის გამო. გვითხრეს, რომ უნდა წავსულიყავით აეროპორტის სხვა ნაწილში, სადაც კითხვებს დაგვისვამდნენ ქვეყანაში შემოსვლის თაობაზე. წაგვართვეს პასპორტები, ტელეფონი და მოგვათავსეს საკანში. როცა მოვითხოვეთ განემარტათ დაკავების მიზეზი, გვეუბნებოდნენ, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. ჩვენმა ადვოკატმა შემდეგ გვითხრა, რომ "არასასრუველ ადამიანთა" სიაში შეგვიყვანა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა, როგორც სატანისტები და ტერორიზმში ეჭვმიტანილები".

ჯგუფის წევრი წერს, ისინი ოფიციალური ახსნის გარეშე დააკავეს პატარა და ბინძურ საკანში, სადაც როგორც ამბობს, 12 საათის განმავლობაში იყვნენ:

"ცუდი პირობები იყო და არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდეს ამ დროის განმავობაში".

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს დაუდასტურეს, რომ აღნიშნულმა ჯგუფმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. შსს-ს ცნობით, ისინი მხოლოდ საბუთების შემოწმების მიზნით, ცოტა ხნით შეაყოვნეს და სხვა პრობლემა არ ჰქონიათ.