არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ცხედრის შინაგანი ორგანოების გადმოცემასა და სამედიცინო დოკუმენტაციის მოწოდებას ითხოვს, - ამის შესახებ მცხეთის რაიონული პროკურატურიდან გამოსულ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა თამარ ავალიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისივე თქმით, ოჯახს დაუდასტურეს, რომ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვენებისას არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები. დღეს არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი და ოჯახის ადვოკატი, დაახლოებით ცხრა საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ მცხეთის პროკურატურის შენობაში.

თამარ ავალიანის თქმით, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ არჩილ ტატუნაშვილს შინაგანი ორგანოები ამოცლილი აქვს, გამოითქვა ვარაუდი რომ ამან შესაძლოა გაართულოს სიკვდილის მიზეზის სრულყოფილი შედეგის დადგენა, გაართულოს:

"ჩვენ გამომძიებლებს ვუთხარით, რომ ვითხოვთ ყველა საერთაშორისო ფორმატში საქართველოს ხელისუფლება დაეხმაროს საკუთარი ქვეყნის გამოძიებას და დააყენოს შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი. ამასთანავე, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ვნახეთ, რომ ცხინვალის მხარეს არ გადმოუცია ქართული მხარისთვის სამედიცინო, საავადმყოფოში გადაყვანის დოკუმენტაცია. ქართველმა სამართალდამცველებმა და გამომძიებლებმა მზაობა გამოთქვეს ჩვენთან, რომ ისინი სამომავლოდ ითანამშრომლებენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან".

JAMnews-ის წყაროს ცნობით, საქართველოში გადმოსვენების შემდეგ გაირკვა, რომ არჩილ ტატუნაშვილის გვამს შინაგანი ორგანოები, მათ შორის გული და ასევე თავის ტვინი ამოცლილი ჰქონდა.

გაიგეთ მეტი: არჩილ ტატუნაშვილის საქმე