პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი ბინძური კამპანია მიმდინარეობს.

"საქართველოს პარლამენტში ევროპული საქართველოსა და ქართული ოცნების მონაწილეობით ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა",- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე დეტალურად ისაუბრა.

ვაკეში 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებაზე, გიორგი მარგველაშვილის განმარტების შეფასებისას დეპუტატებმა პრეზიდენტს მეტი პასუხიმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდეს. ქართული ოცნების დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევის შემდეგ პრეზიდენტი უნდა გადადგეს.

დეპუტატების შეფასება 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებაზე

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შეწყალების კომისია ძალადობრივი დანაშაულის საქმეებზე შეწყალების აქტების გამოცემას წყვეტს, მანამ სანამ კონსულტაციებს არ გაივლიან შეწყალების პროცესის "ყველა აქტორთან".