ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსში დისკუსია გაიმართა თემაზე "სახელმწიფო ენა წარმატებისთვის". დისკუსიის ფარგლებში, მოდერატორებმა და მომხსენებლებმა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების, ლექტორებისა და დოქტორანტების მიერ შექმნილი კვლევითი პროექტის, "საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზა და სოციალური კლასტერების ანალიზი", პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევითი პროეტქის შექმნაში ჩართულნი არიან როგორც ქართულენოვანი, ისე არაქართულენოვანი სტუდენტები. სტუდენტები პროექტის ბაზაზე XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის 20-იანი წლების საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების ციფრულ ისტორიას ქმნიან. ამასთან, სწავლობენ და სტუდენტური მინიპროექტების სახით აქვეყნებენ დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობაში არაქართულენოვანი მოსახლეობის ღვაწლის ამსახველ მასალას.

კვლევითი ბაზა, რომელიც სტუდენტების თანამონაწილეობით შეიქმნა, აუდიტორიას ილიას სახელმიწფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა თამარ კალხიტაშვილმა გააცნო. მან დამსწრეებს ბაზის შესაძლებლობები აჩვენა და მისი გამოყენება ასწავლა.

კვლევითი პროექტის, "საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა და სოციალური კლასტერების ანალიზი" ფარგლებში შექმნილი ბაზა ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი. ბაზაში უკვე ასახულია ინფორმაცია 19763 პირის შესახებ. ამასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ 3498 წყაროდან მოპოვებული 11868 ფაქტი და 827 ადგილი.

დისკუსიას უნივერსიტეტის სტუდენტები, ლექტორები და დოქტორანტები ესწრებოდნენ. მომხსენებელთა შორის იყვნენ არაქართულენოვანი სტუდენტები, რომლებიც აუდიტორიას პრეზენტაციის სახით აცნობდნენ მათ მიერ ჩატარებულ მინი-კვლევებს ეთნიკურად არაქართველი საზოგადო მოღვაწეების შესახებ.

მომხსენებლებს შორის აღმოჩნდა ისმაილ სოფიევი, რომლის ბებიაც, ფარი ხანუმ სოფიევა, მსოფლიოში პირველი მუსლიმი ქალი დეპუტატი იყო. ის აუდიტორიას უყვებოდა, თუ როგორი ცხოვრება გაიარა ფარი ხანუმმა, როგორ გახდა ის დამფუძნებელი კრების წევრი და რა ღვაწლი აქვს შეტანილი არაეთნიკური ქართველების ცხოვრების გაუმჯობესებაში. ისმაილ სოფიევმა დამსწრეებს სამომავლო გეგმებიც გააცნო. ახალგაზრდა სტუდენტი აპირებს, რომ გააგრძელოს კვლევები და მისი წვლილი შეიტანოს სამოქალაქო მეხსიერების მატიანის შექმნაში.

ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ამავე პროგრამის სტუდენტებმა, ნარე კაზარიანმა და ლილით დავთიანმა, დამოუკიდებელი საქართველოს მეცენატების შესახებ მოამზადეს პრეზენტაცია. მათ გამოყვეს ეთნიკურად სომეხი ბიზნესმენები, რომლებმაც საქართველოში დიდი დოვლათი შექმნეს და ამასთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართულნი სოციალური პროექტების განხორციელებაში, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში და სხვ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ნინო დობორჯგინიძე თვლის, რომ ამ პროექტში არაეთნიკური ქართველების ჩართვას სახელმწიფოებრივი მიზანი აქვს. მისი აზრით, აუცილებელია, რომ არაქართულენოვანმა მოქალაქეებმა გაითავისონ, რომ ისინიც სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან და მათი სახელმწიფო სწორედ საქართველოა.

"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენ ვიბრძოდით ჩვენი უფლებებისთვის. ახლა დროა, რომ ვიბრძოლოთ არაეთნიკური ქართველების უფლებებისთვისაც. აუცილებელია, რომ არაქართულენოვანმა მოქალქეებმა საკუთარი თავის იდენტიფიცირება სწორედ საქართველოსთან მოახდინონ და იგრძნობ, რომ ეს მათი სამშობლოა. იგრძნონ, რომ ქართული ენა მათაც ისევე ეკუთვნით, როგორც სხვებს", - ამბობს ნინო დობორჯგინიძე.

ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროექტში ჩართულობა ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ეს სტუდენტები ჩართულნი არიან კვლევაში და სწავლობენ, როგორ ცხოვრობდნენ მათი წინაპრები საქართველოში. ისინი ხედავენ, რომ სომეხი, აზერბაიჯანელი და სხვა ეთნოსის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობდნენ, ქართულ ენას უბადლოდ ფლობდნენ. ამასთან, მათი უმრავლესობა ჩართული იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში - წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში, დამფუძნებელ კრებაში, ეწეოდნენ ბიზნეს საქმიანობას და ქველმოქმედებდნენ. ზრუნავდნენ სახელმწიფოს განვითარებაზე და ეროვნული ინტერესები ამოძრავებდათ", - თქვა ილიას უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ.

არსებული ბაზის დახვეწა და განვითარება გრძელდება. სტუდენტები სამუშაო პროცესებში კვლავ იქნებიან ჩართულნი. მათ უდიდესი მოტივაცია აქვთ, რომ განაგრძონ კვლევა და შეისწავლონ წარსული.