შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის განხილვის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დამოუკიდებელმა აქტივისტურმა ჯგუფებმა ერთობლივი წერილით მიმართეს ევროკომისრებს იოჰანეს ჰანს, მარიანა ტისენის და სესილია მალმსტრომს.

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არასამთავრობოების წერილს პასუხობს და წერილის სხვა ადრესატების პოზიციასაც ახმოვანებს.

იოჰანეს ჰანის პოზიციის თარგმანს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC) აქვეყნებს.

ევროკომისარის განცხადებაში საუბარია საქართველოში შრომის უსაფრთხოებით არსებულ პრობლემებზე, შეფასებულია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი და ხელისუფლების შრომის პოლიტიკა.

იოჰანეს ჰანის განცხადებით, ის ინფორმირებულია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელიც სამუშაო ადგილებზე არსებულ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, ასევე, სამუშაო პირობებსა და ზოგადად სოციალურ დაცვას გულისხმობს.

"ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ [მთავრობას] მოქმედებისაკენ და შეშფოთებულნი ვართ სამუშაო პირობებზე, შრომით ურთიერთობებსა და შრომითი უფლებებისა და სტანდარტების აღსრულებაზე ზედამხედველობის ეფექტიანი სისტემის შექმნის პროცესში პროგრესის ნაკლებობის გამო", - აცხადებს იოჰანეს ჰანი.

ევროკომისარი ფიქრობს, რომ შრომითი უფლებებისა და სტანდარტების აღსრულების ეფექტიანი სისტემის არარსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური კონვენციებით განმტკიცებული შრომის ძირითადი სტანდარტების საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის - დარღვევა.

იოჰანეს ჰანის თქმით, საქართველოში არსებული ამჟამინდელი პრაქტიკა, ისევე, როგორც შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, სრულად არ შეესაბამება საქართველოს იმ ვალდებულებებს, რომელიც გულისხმობს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის [სტანდარტებთან] სამუშაო ადგილას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების და შრომის დაცვის სფეროში.

"ევროკავშირის სტანდარები შრომითი უსაფრთხოების შესახებ უზრუნველყოფს ეფექტიანი, პროპორციული და გამჭვირვალე სანქციების მოქმედებას, რომლებსაც დამსაქმებლებთან მიმართებით გააჩნია ნამდვილი და შემაკავებელი ეფექტი. ნათელი, განჭვრეტადი და აღსრულებადი წესები ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, ინვესტორებისა და ვაჭრობისთვის", - ამბობს იოჰანეს ჰანი.

იოჰანეს ჰანი აცხადევს, რომ ევროკავშირი დააკვირდება განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, და განაგრძობს დაჟინებით მოთხოვნას, რათა კანონმდებლობის მოქმედების ფარგლებმა შრომის ინსპექტირების ჯეროვანი სისტემის დაარსებასთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს ყველა დასაქმებულის ეფექტიანი დაცვა ზედამხედველობისა და სანქციონირების უფლებამოსილებების მქონე ორგანოთა მიერ.

"დარწმუნებული ვარ, საქართველო, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად შრომის დაცვის მაღალი სტანდარტებისკენ გააგრძელებს სწრაფვას", - აცხადებს იოჰანეს ჰანი.