საფეხბურთო რეფერი მაიკლ ოლივერი და მისი მეუღლე მუქარის შემცველი შეტყობინებების მსხვერპლნი გახდნენ.

ეს ფაქტი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩს უკავშირდება მადრიდის რეალსა და ტურინის იუვენტუსს შორის. ამ შეხვედრის ბოლო წუთზე ოლივერმა იუვენტუსის კარში პენალტი დანიშნა, შემდეგ კი იტალიელი გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი მოედნიდან გააძევა. ამის გამო, მომდევნო დღეების განმავლობაში იგი კრიტიკის ობიექტი იყო.

თავად მაიკლი არცერთ სოციალურ ქსელს არ იყენებს, თუმცა მის მეუღლეს ტვიტერის პირად გვერდზე დაემუქრნენ. გარდა ამისა, ერთ-ერთმა მომხმარებელმა ოლივერის მეუღლის მობილურის ნომერიც გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მუქარებმა შეტყობინებებშიც გადაინაცვლეს.

საქმეს ამჟამად პოლიცია იძიებს.