ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში კატალონიის ბარსელონამ ლუის სუარესისა და სამუელ უმტიტის გოლების წყალობით ვალენსია ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ეს კი ლა ლიგის უკვე 39-ე შეხვედრაა, რომელშიც ბარსელონა არ მარცხდება. ამით კატალონიელებმა წაუგებელი სერიის რეკორდი დაამყარეს.

გარდა ამისა, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მათ 32 მატჩია არ წაუგიათ და ამ შედეგით, სეზონის საუკეთესო სტარტის რეკორდი გაიმეორეს. აქამდე საუკეთესო შედეგი რეალ სოსიედადს ეკუთვნოდა. სოსიედადმა 1979 წლის 8 სექტემბერს დაწყებულ ლა ლიგის სეზონში მარცხის გემო მხოლოდ 1980 წლის 10 მაისს გაიგო (32 მატჩი).

თუ ბარსელონა არც მომდევნო ტურში დამარცხდება, მაშინ ეს რეკორდიც მათი გახდება.