როგორც აღმოჩნდა, ქალები ქორწინების მერე კიდევ უფრო მეტად აფასებენ ქალ მეგობრებს. უახლესი კვლევის მიხედვით, ისინი მათთან დროის გატარებისას მეტ სიამოვნებას იღებენ, ვიდრე ქმრებთან ყოფნისას.

კვლევა Champneys Health Spa-მ დიდ ბრიტანეთში ჩაატარა და 1 517 დაქორწინებული ქალი გამოკითხა. მათგან 50%-ზე მეტმა განაცხადა, რომ ურჩევნია, თავისუფალ დროს მეგობრებთან გაერთოს, ვიდრე ეს დრო ქმართან გაატაროს.

გამოკითხულთა 57% ამ პასუხის მიზეზად "ყველა თემაზე გულწრფელად საუბრის საშუალებას" ასახელებს და კვლევის მიხედვით, სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ქალები უპირატესობას ქალ მეგობრებს ანიჭებენ.

ქალების 44% დასძენს, რომ ისინი მეგობრებს იმაზე ესაუბრებიან, რასაც ქმარს "ვერ ეტყოდნენ". 45%-ის აზრით კი, ქალი მეგობრები მათ უფრო კარგად უსმენენ. გამოკითხულთა შედარებით მცირე რაოდენობა კი აღნიშნავს, რომ მეგობრები ქმრებზე კარგ რჩევებს აძლევენ.

კვლევის მიხედვით, ქალების 30% ლანჩზე სადმე წასვლას მეგობრებთან ერთად არჩევს, 60% კი ამბობს, რომ ისეთ სიტუაციებში იღებენ სიამოვნებას, სადაც კაცები საერთოდ არ არიან.