რუსეთის ფედერალური საბჭოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის დროებითმა კომისიამ 12 მედიასაშუალება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას აგილობრივი გამოცემა RBK ავრცელებს.

სიაში მოხვდნენ ამერიკის ხმა, BBC-ის რუსული სამსახური, Deutsche Welle, ფრანგული რადიოსადგური RFI, ტელეარხი ნასტოიაშეე ვრემია, რადიო თავისუფლება და მისი რეგიონული რედაქციები (ყირიმი.რეალიი, კავკაზ.რეალიი, Idel.რეალიი, ციმბირი.რეალიი).

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ანდრეი კლიმოვმა განაცხადა, მთელი სია თავისი გრაფიკებით ვლადიმერ პუტინის ინაუგურცაიის შემდეგ, ანგარიშში გამოქვეყნდება. ინაუგურაცია 7 მაისს არის დანიშნული.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ სიის შედგენისას ისინი აკვირდებოდნენ მხოლოდ იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც სხვა ქვეყნების სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ და რუსულ ენაზე მაუწყებლობენ.

სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის დროებითი კომისია 2017 წელს შეიქმნა. მისი მიზანია გამოავლინოს უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევა რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში.