თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლების თავშესაფარს ხურავს. ამის შესახებ ელიზბარაშვილმა პრაიმტაიმისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ელიზბარაშვილის თქმით, ქალაქი მისნაირი ადამიანების ღირსი არ არის.

"დავხურე თავშესაფარი. ეს ქალაქი არ არის ღირსი ჩემნაირი ადამიანის. 40-50 ათასი ლარი მიჯდება ყოველთვე ამ თავშესაფრის შენახვა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ორჯერ ავაშენე თავშესაფარი. მეორედ სტიქიის შემდეგ. რამდენი სიკეთე მაქვს გაკეთებული. დავიღალე, ეს ქალაქი და ეს ქვეყანა არ არის ღირსი იმისა, რომ აკეთო ქველმოქმედება. ამიტომ, თავში ქვა გიხლიათ, ჩემო კარგებო. ახლა თქვენ გააკეთეთ", - განუცხადა პრაიმტაიმს თამაზ ელიზბარაშვილმა.

On.ge ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, თამაზ ელიზბარაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, მან დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მიიღო და თავშესაფრის დახურვის მიზეზიც საზოგადოების დამოკიდებულება გახდა.

"იმის შემდეგ, რაც ჩემი მისამართით დაუმსახურებელი ლანძღვა-გინება წამოვიდა არანაირი სურვილი არ მაქვს ეს საქმე გავაგრძელო. თავშესაფარს ვხურავ", - განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა აზრი შეიცვალოს, თამაზ ელიზბარაშვილი პასუხობს, რომ ყველაფერს საზოგადოების დამოკიდებულება განსაზღვრავს.

"თუ საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვლება დავფიქრდები, მაგრამ ახლა ვაპირებ დავხურო", - განმარტავს თამაზ ელიზბარაშვილი.

თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, იმ ძაღლებს, რომლებიც ტრავმირებულები არიან ქუჩაში ვერ გაუშვებს, თუმცა ძაღლების ნაწილის ქუჩაში დაბრუნება მოუწევს.

"ძაღლების 90% ქუჩაში მანქანების მიერ ტრავმირებულია. თავშესაფარში ქუჩის ძაღლები მივიღე, გადავარჩინე, სიცოცხლე ვაჩუქე, ოპერაცია გავუკეთე. არიან ძაღლები, რომლებმაც კიდურები დაკარგეს, ინვალიდის ეტლი გავუკეთე და გადაადგილდებიან, მათი გაშვება ნიშნავს იმას, რომ ქუჩაში ვერ იცხოვრებენ. ის ძაღლებს, რომლებიც ღია ტრავმებით შემოვიდნენ, გამოჯანმრთელდნენ და შეუძლიათ გააგრძელონ ქუჩაში ცხოვრება, ქუჩაში გავუშვებ", - ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.

ფეისბუქში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ თამაზ ელიზბარაშვილი თანამშრომელს თავში ურტყამს და აგინებს.

როგორც On.ge-ს თამაზ ელიზბარაშვილმა განუცხადა, მისი გაღიზიანება თანამშრომლის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნამ გამოიწვია.

"ემოციურობის გამო წამოვარტყი. ნასვამი მოვიდა ძაღლთან, რაც არ შეიძლება. ამიტომ გავღიზიანდი", - განმარტავს თამაზ ელიზბარაშვილი.

თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, თავშესაფრის დახურვის შემდეგ სამსახურის გარეშე 24 თანამშრომელი დარჩება.

"მე დაუმსახურებელი ლანძღვა-გინება მივიღე და ეს იმდენად დიდი მორალური დარტყმაა, რომ ამას ვერ გავუძლებ", - ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.