თბილისში, დიღმის მასივში შავკანიანებს სცემეს. შემთხვევა 8 აპრილს, საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმეს იძიებენ.

ფეისბუქით გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ ქართულად მოლაპარაკე ადამიანები შავკანიანებს ფიზიკურად უსწორდებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

ფეისბუქგვერდზე - იბერიული ერთობა კი წერია, რომ შავკანიანები "ქართველებს" თამაშის დროს შეუვარდნენ და მოედნის დათმობას ითხოვდნენ.

"საბედნიეროდ, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. მიგრანტებმა მიიღეს საკადრისი პასუხი და მოედანი და მიმდებარე ტერიტორია ქართველებმა დაატოვებინეს! როგორც ხედავთ დაიწყეს უკვე საქართველოშიც მსგავსი ქმედებები ღიად. ჯერ ევროპას უღებენ ბოლოს და ბევრიც არ დარჩენია და ახლა საქართველოსაც მოადგნენ. ჩვენ მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვით", - ამ შინაარსის დისკრიმინაციული განცხადება წერია იბერიული ერთობის ფეისბუქგვერდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით იძიებს. ამ მუხლით, სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე. უწყებაში არ აკონკრეტებენ კონკრეტულად რომელი ჯგუფის წევრების ცემას იძიებენ.