საქნახშირის გენერალური დირექტორის მოადგილის, გია ქარქაშაძის თქმით, 5 აპრილს, გამთენიისას, შახტში დაღუპული მუშების ოჯახებს კომპანია სამი სახის კომპენსაციას გადაუხდის:

"დასაფლავება, საფლავის მოწყობა, ოჯახის წევრების დასაქმება და შემდგომი რეაბიცილიტაციის კომპენსაციები. შემდეგ კი დაზღვევის თემაზეც მიეხმარება კომპანია".

კომპანიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ შემთხვევა ჰაერის ტალღამ გამოიწვია და არა უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ სეისმურმა სამსახურმა ბიძგების არსებობა არ დაადასტურა, ხოლო სამთო დარტყმის არსებობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, რადგან გუშინ ადგილზე მისვლა ვერ მოახერხეს. შრომის ისპექტორის თქმით, აღნიშნულის დასადგენად, დღეს განმეორებით ჩავლენ შახში.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 6 მუშა დაიღუპა, 3 დაშავდა. შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა, ოსტატ-ამფეთქებელმა და ოთხმა სამთო მუშამ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალა.

6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცადდა.