არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და კოალიციამ ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დაიწყო კამპანია "ძალა ევროპაშია!".

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, კამპანიის მიზანია, მოსახლეობას გააგებინოს მეტი ევროპასა და ნატოზე.

"მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რას მოუტანს ქვეყანას ევროპასა და ნატოსთან დაახლოება. დღეს, სახელმწიფოს დონეზეა აღიარებული, რომ რუსეთი არის საფრთხე. ევროპული არჩევანი არის ერთადერთი სწორი გზა. ეს ეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს", - განუცხადა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, კამპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ევროპულ და ევროატლანტიკური გაერთიანებების დადებითი მხარეების შესახებ. ასევე, უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა დასავლური ღირებულებების სწორად გააზრებისა და პოპულარიზაციის პროცესში.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ბათუ ქუთელიას თქმით, დღეს მსოფლიოში არსებული სიტუაცია იძლევა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობას.

"აუცილებელია, შეიქმნას ერთიანი ფრონტი, სადაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იქნება ჩართული. ამ კამპანიით, ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს ვუგზავნით როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ისე - საქართველოს მთავრობას", - განუცხადა ბათუ ქუთელიამ ჟურნალისტებს.