არასამთავრობო ორგანიზაცია EMC აქვეყნებს 2017 წლის 9 მაისს მომზადებულ კვლევას, სადაც შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულები სამუშაო ადგილზე არსებულ რთულ შრომის პირობებზე საუბრობენ.

დასაქმებულები ყურადღებას ამახვილებენ ინფრასტრუქტურის სიძველეზე, არასაიმედოობასა და მანქანა-დანადგარების რესტავრაციისა და მოდერნიზების საჭიროებაზე

On.ge კვლევიდან მუშების რამდენიმე ციტატას გთავაზობთ:

"ღმერთზე ვართ მინდობილები. არა გვაქვს ხელის შეწყობა არაფრით. დანადგარები გაუმართავია, ვამუშავებთ გაუმართავ დანადგარებს, ვითხოვთ, ვთხოვთ უფროსებს, რომ გაგვიკეთონ, არ არის და ვერ გვიკეთებენ, რა ვქნათ, არ არის და ყოველ წუთშია მარცხი მოსალოდნელი, ყოველ წუთში".

"ხანდახან თუნდაც თვალს ვხუჭავთ საკუთარ უსაფრთხოებაზე, ცოტა-ცოტას ვრისკავთ. საბოლოოდ მძიმედ სრულდება, ხოლმე".

"სამსახურში რომ მოვდივარ, ჩემები დღე და ღამე ლოცულობენ და ტირიან, რომ აი, მოვა თუ არ მოვა".

"150-160 კილოა საბურღი მანქანა, დაახლოებით და უნდა გადაიტანო ეს სადღაც 100-150 მეტრზე ორმა კაცმა ბეჭით".

"შრომის პირობები, თითქმის ყველაფერი გაუარესებული არის, როგორც ინდივიდუალურ-დამცავი საშუალებები, უსაფრთხოების წესები, მანქანა-მექანიზმები და რა ვიცი, მოძველებული ტექნიკა და არ ექცევა სათანადო ყურადღება შეძენას. ეს ყველაფერი დაკავშირებული არის ფულთან, რომლის გადახდასაც კომპანია ამდაგვარად ერიდება".

"აი, მტვერი, ფილტვები, გული. ეს გაზები მომწამვლელ ნივთიერებებს შეიცავს, ერთმა შესუნთქვამ შეიძლება დაგაგდოს ძირს. დაგაინვალიდებს ეს დროთა განმავლობაში".

"არავინ კითხულობს, რა გაქვთ, რა არ გაქვთ, ამაღამ როგორ უნდა იმუშავო; რა ინსტრუმენტები გაქვს, ხომ არაფერი გჭირდება, ხო არაფერი გინდათ, კიდე დაგიმატოთ და ასე შემდეგ. რა ვიცი, გამომგონებლები ვართ ხოლმე ხშირ შემთხვევაში".

"ფრონტის ხაზზე რომ გაუშვებ და იარაღს არ მისცემ ხელში, ეს კი ხვდებით რაც არის, და ჩვენთანაც იგივე სიტუაცია არის".

"[სპეცტანსაცმელი] უხეშია, ყველანაირად გამოუყენებელი, რასაც ჰქვია. ანუ როგორ გითხრათ, 8 საათი რომ მარტო გეცვათ და არაფერი გააკეთო, იარო, უბრალოდ იაროთ, ცვლის ბოლოს 8 საათი რომ დამთავრდება, წაიქცევი".

"ესენი აკეთებენ შანტაჟირებას თვითონ დაზარალებულის. რას ეუბნებიან ახლა: შენ თუ რამე გინდაო, არ თქვა, რომ სამსახურში დავმარცხდი. აი, მოვკიდებთ შენს ცვლის უფროსს ხელს და დავიჭერთ, დავიჭერთ შენს უბნის გამგეს.ამიტომ ხშირად ვიკავებთ ამნაირი მოქმედებისგან თავს. გაიგეთ? რომ ჩვენი ახლობელი ადამიანი არ დავაზარალოთ. ეგ სისტემა კარგად აქვთ აწყობილი ამათ".

"ადამიანი რომ დამარცხდება, კომპანია ყოველთვის ცდილობს, რო ეუბნებიან, რო შენ ახლა მაგ არ გაამხილო, რო ეგ სამსახურში მოგივიდა და ჩვენ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს; წადი ახლა ბიულეტენზე გადი; ბიულეტენის იქითაც შეგიძლია, ერთი თვე არ გამოხვიდე და მერე დაგაბრუნებთ სამუშაოზე ჩვეულებრივად".

"განმკითხავი ვინ არის?მე განმკითხავს ვეძებ. განმკითხავი მინდა, აქ რომ მოვიდეს".