კენიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში უზარმაზარი ნაპრალი გამოჩნდა, რომელიც უზარმაზარ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. ბზარის გაჩენამ ნაირობი-ნაროკის გზატკეცილის ჩანგრევა გამოიწვია, რასაც სეისმური აქტივობაც დაერთო.

დედამიწა გამუდმებით იცვლება და ამ ცვლილებებს მყისიერად ვერ ვგრძნობთ, თუმცა ტექტონიკურ მოძრაობას ხანდახან დრამატული შედეგებიც მოჰყვება ხოლმე - მაგალითად, კონტინენტის ორად გახლეჩა.

დედამიწის ლითოსფერო რამდენიმე ტექტონიკური ფილისგან შედგება. ეს ფილები უძრავი არაა, ისინი ერთმანეთს გამუდმებით უახლოვდებიან და შორდებიან. კანონზომიერია თუ არა ეს მოძრაობები - გაურკვეველია. ფილების კიდეებში კი გარკვეული ძალები წარმოიქმნება.

ფოტო: Reuters/Thomas Mukoya

ძალები, რომლებიც ტექტონიკურ ფილებს ამოძრავებენ, ხანდახან მათ გახლეჩასაც იწვევენ. აღმოსავლეთაფრიკული უზარმაზარი ბზარიც ამის დასტურია. ნაპრალი 3000 კილომეტრზეა გადაჭიმული და ის კონტინენტს ორ არათანაბარ, სომალისა და ნუბიის ფილებად ჰყოფს.

რატომ ხდება გაყოფა?

როცა ლითოსფეროში ჰორიზონტალური გამწევი ძალა წარმოიქმნება, ხმელეთი ნელ-ნელა "იწელება", თხელდება და ბოლოს - იბზარება, რის შედეგადაც ნაპრალოვანი ხეობა წარმოიქმნება.

ფოტო: Shutterstock

პროცესს თან ახლავს ვულკანური და სეისმური აქტივობა. ხეობის გაჩენა კონტინენტების დაყოფის საწყისი ეტაპია. დაყოფის ბოლო ეტაპზე კი ფილებს შორის ოკეანის აუზი ჩნდება.

მსგავსი რამ მოხდა 138 მილიონი წლის წინ კონტინენტზე, რომელიც სამხრეთ ამერიკასა და აფრიკას აერთიანებდა. შეგიმჩნევიათ, რომ ეს ორი კონტინენტი ერთმანეთს პაზლის ნაწილებივით ერგება?

დაყოფის თაიმლაინი

აღმოსავლეთაფრიკული ნაპრალი უნიკალური შემთხვევაა, რადგან მასზე დაკვირვება სხვადასხვა ეტაპზე შეგვიძლია. სამხრეთით, სადაც ბზარი ახალი წარმოქმნილია, განცალკევების ნიშნები უფრო ნელა ჩნდება, ვულკანური და სეისმური გამოვლინებები კი იშვიათია, აფარის რეგიონთან კი ხეობის ზედაპირი ვულკანური ქვებითაა დაფარული, რაც იმას ნიშნავს, რომ ლითოსფერო თითქმის ბოლომდეა დათხელებული. საბოლოოდ, მილიონობით წლის შემდეგ, ოკეანე ხმელეთის ნაწილს დატბორავს, აფრიკის კონტინენტი დაპატარავდება, ინდოეთის ოკეანეში კი ეთიოპიისა და სომალისგან შედგენილი დიდი კუნძული გაჩნდება.

მართალია, ისეთი დრამატული მოვლენები, როგორებიცაა გზის ჩანგრევა ან მიწისძვრა, შთაბეჭდილებას ქმნის, რომ გაყოფას მალე უნდა ველოდოთ, მაგრამ სინამდვილეში, აფრიკის კონტინეტის დაცალკევება უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს და კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება.