საუდის არაბეთში 35-წლიანი პაუზის შემდეგ კინოთეატრები 18 აპრილს Black Panther-ით გაიხსნება. კინოთეატრების ყველაზე დიდი ქსელი AMC საუდის არაბეთის 15 ქალაქში 40-მდე დარბაზს გახსნის.

წინა წელს არაბეთის პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა Vision 2030-ის პროექტის ფარგლებში ქვეყანაში რეფორმები წამოიწყო. საუდის არაბეთში მკაცრი ისლამური ხედვების გამო კინოთეატრები 70-იან წლებში დახურეს. კინოთეატრების ხელახლა გახსნას ბევრი სასულიერო პირი ეწინააღმდეგება.

BBC წერს, რომ დარბაზები სქესის მიხედვით არ დაიყოფა. უცნობია, რომელი ფილმების ჩვენება იქნება შესაძლებელი, თუმცა, სავარაუდოდ, ბევრი ფილმი ცენზურის ქვეშ მოექცევა.

2030 წლისთვის საუდის არაბეთში 300-ზე მეტი კინოთეატრის გახსნა იგეგმება. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ კინოთეატრებისგან 24 მილიონი დოლარის მოგებას ელოდებიან, ჯამში კი 30 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.