"ჩვენ ვხვდებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება დასავლეთის ქვეყნების, პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ზეწოლის ქვეშ მიიღო. ეს ინფორმაცია იმედგაცრუებით მივიღეთ", - ასე შეაფასა საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა.

ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს ნერვო-პარალეპტიკური ნივთიერებით მოწამლეს. ბრიტანეთის ოფიციალური პოზიციით, საქმეში რუსეთი მონაწილეობს.

ბრიტანეთის მხარდასაჭერად სხვადასხვა ქვეყნებიდან რუსი დიპლომატები გააძევეს. ასე მოიქცა საქართველოც და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მიეცა. ვადა დღეს იწურება.

საერთო ჯამში, აშშ-დან, კანადიდან და ევროპის ქვეყნებიდან 130-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს. რუსული მისიის დიპლომატების რიცხვი შეამცირა ნატომაც. სკრიპალის სკანდალის გამო რუსეთიდან დროებით გაიწვია თავისი ელჩი ევროკავშირმაც.

რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ამ დრომდე სკრიპალების საქმის დეტალებს არ იცნობს და ლონდონს ცილისმწამებლური პოზიცია აქვს. მოსკოვმა პასუხად ქვეყნიდან იმდენივე დიპლომატი გააძევა, რამდენიც სხვა ქვეყნებმა.