ქართული ოცნების წევრი გედევან ფოფხაძე, ნინია კაკაბაძის არჩევის გამო, უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ ფოფხაძემ ჟურნალისტებს უთხრა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამის მიზეზად ფოფხაძე მართმადიდებლურ ღირებულებებს ასახელებს:

"თუ დადასტურდა, რომ პატრიარქის მაგინებელს ხმა მისცა უმრავლესობამ, თუ დადასტურდა, რომ ნინია კაკაბაძეს 55-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, საპარლამენტო უმრავლესობას დავტოვებ",- განაცხადა ფოფხაძემ რუსთავი 2-თან.

"ვერაფერს დამატებით ვერ გეტყვით, რაც ვთქვი ჟურნალისტებთან. შვიდეულის კვირაში ასეთი რამის გაკეთება არის ყველა მართლმადიდებლის სულში ჩაფურთხება. იმიტომ , რომ პატრიარქის მაგინებელი ქალბატონი არ უნდა იღებდეს პარლამენტში ხმებს არასდროს", – აცხადებს ფოფხაძე ნეტგაზეთთან და დამატებით შეკითხვებს აღარ პასუხობს.

პარლამენტმა ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 12 იყო. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ნინია კაკაბაძე საპარლამენტო უმცირესობამ დააყენა. მის ასარჩევად მინიმუმ 51 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად უმრავლესობას მიღმა დარჩენილმა დეპუტატებმა ნინია კაკაბაძე აქამდე ხუთჯერ დაასახელეს.

საქართველოს პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს წევრად სახალხო დამცველის კანდიდატი იზაბელა ოსიპოვა აირჩია.