დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში სოხუმის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. 2 აპრილს ღონისძიებას დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც დაესწრო. ინფორმაციას Apsnypress ავრცელებს.

ფესტივალების ორგანიზატორების განცხადებით, მათ სამი ათასი განაცხადი მიიღეს, საიდანაც 32 ფილმი შეარჩიეს, რომლებიც შეიქმნა აფხაზეთში, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში (ბელგია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და სხვა), ასევე, უზბეკეთში, ირანსა და მაროკოში.

ფესტივალი 2 აპრილიდან 6 აპრილამდე ჩატარდება. ფესტივალზე მხოლოდ მოკლემატრაჟიანი ფილმებს წარადგენენ.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიებას საერთაშორისო სტუმრები დაესწრებიან. ამასთან დაკავშირებით საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ უცხოელი სტუმრები არ უნდა შევიდნენ შეცდომაში და არ დაარღვიონ საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი.

ფესტივალის ვებგვერდზე წერია, რომ გამარჯვებულები მიიღებენ ქანდაკებებსა და ფულად პრიზებს:

  • გრან-პრი საუკეთესო ფილმისთვის - 200 ათასი რუბლი (3,5 ათასი დოლარი);
  • მეორე ადგილი - 100 ათასი რუბლი (1,7 ათასი დოლარი);
  • მესამე ადგილი - 50 ათასი რუბლი (860 დოლარი);
  • საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი;
  • საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი;
  • საუკეთესო სცენარი;
  • საუკეთესო მსახიობი.

გამარჯვებულებს ჟიური შეადარებს. ჟიურის წევრები არიან აფხაზი და რუსი რეჟისორები, მსახიობები და სცენარისტები.