როგორც უკვე იცით, HBO-ს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ემის მფლობელი სერიალი - Big Little Lies მეორე სეზონით დაბრუნდება.

დიდი პატარა ტყუილების პირველი სეზონის მსახიობები ნიკოლ კიდმანი, რიზ უიზერსპუნი, შეილინ ვუდლი, ლორა დერნი და ზოი კრავიცი ახალ სეზონშიც დაგვიბრუნდებიან. ინფორმაცია HBO-მ უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

სერიალში ძველი მსახიობების გარდა ვიხილავთ მერილ სტრიპსაც, რომელიც სელესტის [ნიკოლ კიდმანის გმირი] დედამთილის როლს შეასრულებს.

მეორე სეზონის სცენარი კვლავ ტყუილების, მტკიცე მეგობრობის, არამყარი ქორწინებისა და დედობის თემის გარშემო განვითარდება.

მერილ სტრიპის გმირი პირველ სეზონში დაღუპული პერის დედა იქნება და მერი ლუის რაიტი ერქმევა. კასტინგი მიმდინარეობს ბონის მამის როლზეც. როგორც ცნობილია, სერიალში ბევრი ახალი სახე იქნება. მიუხედავად პირველ სეზონში სიკვდილისა, მეორე სეზონის კონკრეტულ ეპიზოდებში დაბრუნდება ალექსანდრ სკარსგარდიც.

გარდა ამისა, HBO-ს პოპულარული სერიალის მეორე სეზონში ვიხილავთ კანადელ-ამერიკელ მსახიობ, დუგლას სმისტს. ის შოუში კორი ბროკფილდის როლს შეასრულებს, რომელიც ჯეინის [შეილინ ვუდლის] თანამშრომელია.

ახალ პერსონაჟებს შორის ერთ-ერთი მასწავლებელი მიშელ პერკინსი იქნება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ მასწავლებელს პრობლემები ექნება ლორა დერნის გმირთან, რენატასთან.

ახალ სეზონთან დაკავშირებით ცნობილია ისიც, რომ მეორე ნაწილის რეჟისორი ანდრეა არნოლდი იქნება, რომელსაც ისეთ პროექტებზე უმუშავია როგორებიცაა - Transparent, I Love Dick და სხვები.

სერიალის ეთერში დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. დიდი პატარა ტყუილების მეორე სეზონში, პირველის მსგავსად, 7 სერია იქნება.