თბილისის მერია 2018 წელს ძეგლებისა და მემორიალების ქალაქში დადგმაზე 500 000 ლარს დახარჯავს. მერია ამ მომსახურების პირდაპირი შესყიდვის წესით, ტენდერის გარეშე შესყიდვას გეგმავს და შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობას ელოდება.

"შესყიდვის წინასწარ დაგეგმვას აფერხებს შესასყიდი ობიექტის პრიორიტეტულობის განსაზღვრასთან დაკავშირებული პროცედურები, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ხდება ძეგლისა და მემორიალური ობიექტის განთავსების დაკავშირება კონკრეტულ საიუბილეო და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენასთან ან/და თარიღთან", - განმარტავენ მერიაში.

მერიაში აღნიშნავენ, რომ რიგ შემთხვევებში ისტორიულ პიროვნებათა შთამომავლებთან და დაინტერესებულ პირთა წრესთან საუკეთესო ესკიზზე უნდა შეთანხმდნენ.

"როდესაც საუბარია ნამუშევარში ემოციებისა და გრძნობების გადმოცემაზე, სასურველი შედეგის მიღწევის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ესკიზის ავტორმა თავად განახორციელოს პროექტი, რადგანაც სხვა შემთხვევაში ინდივიდუალობის დაკარგვის საფრთხე ექმნება წარმოდგენილ ესკიზს", - აღნიშნავენ თბილისი მერიაში.