აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ საუდის არაბეთს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მხარდაჭერის ბრალი არ მოუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ AI Jazeera ავრცელებს.

ამერიკის ფედერალურ სასამართლოში დავები მოგებული აქვთ 11 სექტემბრის ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს, რომლებმაც საუდის არაბეთის სამეფოს უჩივლეს ტერორისტების მხარდაჭერისა და დაფინანსების გამო და მისგან მილიარდობით დოლარის კომპენსაცია მოითხოვეს.

საუდის არაბეთის წინააღმდეგ მთავარი სამართლებრივი არგუმენტები მის მიერ 11 სექტემბრის ტერაქტის ოფიციალური მომწყობი ტერორისტული ორგანიზაციის ალ-ქაიდას დაფინანსებაა. გარდა ამისა, ამერიკაში საუდის არაბეთის საელჩოს რამდენიმე თანამშრომლის მიერ ტერაქტის უშუალოდ ამსრულებელი რამდენიმე პირის დაფინანსება და მხარდაჭერა.

ამერიკის კონგრესმა 2016 წელს მიიღო ანტიტერორისტული აქტი, რომელშიც საუდის არაბეთს ბრალი ედება 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის დაფინანსებასა და მხარდაჭერაში. საუდის არაბეთში მიიჩნევენ, რომ ეს ბრალდება უსაფუძვლოა.

2001 წლის 11 სექტემბერს 19 ტერორისტმა ოთხი ამერიკული თვითმფრინავი გაიტაცა. ორი მათგანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრს შეეჯახა, მესამე - პენტაგონს, ხოლო მეოთხე პენსილვანიაში დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. ტერორისტულ შეტევას 3 000-მდე ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა. 19 გამტაცებლიდან 15 საუდის არაბეთის მოქალაქე იყო.