ვენესუელაში ციხის ბუნტის დროს გაჩენილი ხანძრის შედეგად 68 ადამიანი გარდაიცვალა. ვენესუელის მთავრობის განცხადებით, ხანძარი პატიმრების მიერ ციხიდან გაქცევის მცდელობას მოჰყვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ვენესუელის მთავარი პროკურორის, ტარეკ სააბის ცნობით, ოთხშაბათს, 28 მარტს ვალენსიის ციხის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს. ბუნტის დროს აჯანყებულმა პატიმრებმა საკუთარ საკნებში ლეიბებს ცეცხლი წაუკიდეს, რამაც მთელ ციხეში ხანძარი გააჩინა.

გარდაცვლილთაგან უმეტესობა ცოცხლად დაიწვა, ნაწილი კი - გაიგუდა. დაღუპულთაგან 66 ადამიანი პატიმარია, ხოლო 2 მსხვერპლი ციხეში პატიმრის მოსანახულებლად მისული სტუმარი.

დილიდან ვალენსიის პოლიციის შენობასთან პატიმართა ნათესავები შეიკრიბნენ, რომელთაც სურთ გაიგონ რა მოხდა რეალურად ციხეში და რა ბედი ეწიათ მათი ოჯახის წევრებს. ისინი პროტესტს აგრესიულად გამოხატავენ და ცდილობენ შეჭრას პოლიციის შენობაში.

ვენესუელის მთავრობამ ქვეყანაში გლოვა გამოაცხადა.

ვენესუელის ციხეებში ხშირია ბუნტი და ძალადობრივი შემთხვევები.