დღეს, 29 მარტს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პროექტ "წიგნიერის" პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მოწვეულ სტუმრებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს.

კომპანია გალფმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ერთობლივი პროექტი "წიგნიერი" დაიწყო. პროექტის ფარგლებში გალფის ბენზინგასამართი სადგურების ქსელში რეგიონების სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის წიგნები შეგროვდება. გალფი ასევე საწვავით მოამარაგებს მაღალმთიან სკოლებს, სადაც მოსწავლეებისა და პედაგოგების ტრანსპორტირების პრობლემაა.

პროექტი მასშტაბურია და მასში ჩართვა (წიგნების ბენზინგასამართ სადგურებში მიტანა) ყველა მსურველს შეეძლება. პროექტის მიზანია რეგიონებში წიგნიერების ამაღლება, რისთვისაც აუცილებელია ბიბლიოთეკების განვითარება, მათი წიგნადი ფონდების განახლება და სკოლების უახლესი ლიტერატურით მომარაგება.

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელი წინაპირობა იყო, რომ მსურველებს ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში, სულ ცოტა, ერთი წიგნი მაინც უნდა მიეტანათ. მიტანილი წიგნები წალკის რაიონის ბიბლიოთეკებისთვისთვის გროვდებოდა.

პროექტის ფარგლებში, პირველი სკოლა, რომელიც საწვავით მომარაგდება, ფშავში, სოფელ გუდრუხის სკოლა იქნება. ეროვნული ბიბლიოთეკა ყოველთვიურად უზრუნველყოფს შეგროვებული წიგნების ჩატანას რეგიონების სკოლებსა და ბიბლიოთეკებში.

პროექტ "წიგნიერისთვის" გალფმა ვებპლატფორმაზე მუშაობაც დაიწყო, რომლის მეშვეობითაც მაღალმთიან სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, საჭიროებისამებრ, საწვავი მარტივად მოითხოვონ.