მოსკოვი თბილისს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმებას, აფხაზეთისა და სახმრეთ ოსეთის დე ფაქტო მმართველებთან პირდაპირი დიალოგის დაწყებასა და არაღიარების პოლიტიკის შეყვეტისკენ მოუწოდებს. ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევაში გამართულ დისკუსიების 43-ე რაუნდს, რომელიც 27-28 მარტს გაიმართა.

"მიუხედავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დამაიმედებელი განცხადებისა ჟენევის მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევაზე, თბილისის წარმომადგენლებმა შეხვედრა პროპაგანდისტულ აქციად აქციეს", - ვკითხულობთ რუსეთის საგარეო უწყების პრესრელიზში.

რელიზის თანახმად, ჟენევაში შეხვედრაზე რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის გამო:

"ხაზი გაესვა გარანტიის არარსებობას, რომ დასავლური იარაღით აღჭურვილმა საქართველომ მეზობლებთან შესაძლოა თავდასხმის ტაქტიკა გამოიყენოს."

რუსეთი პროპაგანდისტულ ინსტურმენტად აფასებს ადამიანის უფლებებზე გაეროს საბჭოში მიღებულ რეზოლუციას "საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ", რომელშიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე შესვლის მოთხოვნაა ჩადებული.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 27-28 მარტს გამართული ჟენევის მოლაპარაკებებისას, რუსეთმა დესტრუქციული მიდგომა გამოიჩინა. ქართული მხარის განცხადებით, რუსეთმა "მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებებით" ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების საკითხზე.