კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვის დირექტორმა, ლია როინიშვილმა პორტალ ichange.gov.ge-ზე პეტიცია შექმნა, რომლითაც ის დუშეთში მდებარე ილია ჭავჭავაძის დროინდელ სასამართლოს შენობის რესტავრაციას ითხოვს. პეტიციას ამჟამად 224 ადამიანი აწერს ხელს.

შენობას, სადაც ილია სამართალს განსჯიდა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

პეტიციის ინიციატორის განცხადებით, ეს შენობა წლებია მიტოვებულია და დღეს ფიზიკური განადგურების წინაშეა. მისივე ცნობით, დღეისათვის შენობის ოთხი მეპატრონიდან, არცერთი არ იმყოფება ადგილზე და შენობაზე არავინ ზრუნავს.

ფოტო: მარიამ მორჩილაძე

"მას ისტორიულ-მემორიალური მნიშვნელობაც გააჩნია, როგორც ილია ჭავჭავაძის სახელთან დაკავშირებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და ქალაქ დუშეთის კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაში უდიდესი როლის შესრულება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ შენობა კერძო საკუთრებაშია, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო უფლებამოსილია თავად მოახდინოს ძეგლის რეაბილიტაცია როდესაც ძეგლის მდგომარეობა გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს თუ კერძო მესაკუთრე აღნიშნულს ვერ უზრუნველყოფს", - წერია პეტიციის ტექსტში.

ილია ჭავჭავაძე 1864-1873 წლებში სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი დუშეთის მაზრაში გაამწესეს ჯერ მომრიგებელ შუამავლად, შემდგომ კი დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ.