საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, ნატა ძველიშვილი მიიჩნევს, საჯარო უწყების მიერ ჟურნალისტისთვის ზეპირ კომენტარზე უარის თქმა დასჯის ერთ-ერთი ფორმაა. ასე შეაფასა ძველიშვილმა On.ge-სთვის კომენტარზე უარის თქმის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება.

"ზეპირი ინტერვიუს შეზღუდვა და წერილობითი ფორმით კომენტარის მიღების შეთავაზება ახალი პრაქტიკა არ არის ჩვენს ქვეყანაში. გვინახავს ასე ჩაკეტილი უწყებები. ამგვარი ფორმით შეიძლება მიიღო მხოლოდ საჯარო ინფორმაცია, კონკრეტული მონაცემები და არა რომელიმე საკითხზე შეფასება", - აღნიშნავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი.

მისი თქმით, იმის გამო, რომ რომელიმე მასალა საჯარო უწყების წარმოამდგენლებს არ მოსწონთ, ჟურნალისტს კომუნიკაციის საშუალება არ უნდა შეეზღუდოს.

"ჟურნალისტი, როგორც წესი, კრიტიკული უნდა იყოს სახელმწიფო უწყებების მიმართ. თუკი რაიმე არაეთიკურად გაშუქდა, ამის განსახილველად არსებობს თვითრეგულირების მექანიზმები და შეუძლია მხარეს იდავოს იქ, ნაცვლად იმისა, რომ დასჯის ფორმები მოიფიქროს თავად", - ამბობს ნატა ძველიშვილი.

მისი თქმით, არავერბალური კომუნიკაციის შეწყვეტა მედიას უზღუდავს საშუალებას ჩაეძიოს რესპონდენტს, დასვას დამაზუსტებელი კითხვები.

"ინფორმაცია მალფუჭებადია, სწრაფად თუ არ გავრცელდა, მას ღირებულება აღარ აქვს. ამიტომაც აუცილებელია დროულად მიიღოს ჟურნალისტმა შეფასებები, ბრალდებაზე პასუხი, დამაზუსტებელი ინფორმაცია, რომ ადეკვატურ დროში მოახერხოს საზოგადოების ინფორმირება და არა ათი დღის მერე მიღებული წერილით", - ამბობს ის.

ძველიშვილი პრესსამსახურის მოვალეობაზეც საუბრობს. მისი თქმით, პრესსამსახურის მოვალეობაა ჟურნალისტისთვის ინფორმაციის მიღებასა და პასუხისმგებელ პირებთან კომუნიკაციაში დახმარება. ის დასძენს, რომ კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურთან ჟურნალისტებს გასული წლების განმავლობაში მსგავსი პრობლემა არ ჰქონიათ.

ძველიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ კომისია გააცნობიერებს ჟურნალისტებთან ჯანსაღი კომუნიკაციის ფორმის მნიშვნელობას, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პრესსამსახურის სურვილი აღმოჩნდება და მალევე შეიცვლება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ On.ge-ზე მის შესახებ გამოქვეყნებული მასალის გამო 27 მარტს ზეპირ კომენტარზე უარი უთხრა და აღნიშნა, რომ მათგან კომენტარის მიღება მხოლოდ სამუშაო საათებში და მხოლოდ წერილობითი ფორმით შეეძლება.

კომისიის პრესსამსახურის უფროსმა, ლანა ბერიძემ "მოყვითალო თემა" და არაჟურნალისტური პროდუქტი უწოდა იმ მასალას, რომელიც კომუნიკაციების კომისიაში ქალი თანამშრომლების შესაძლო გენდერული დისკრიმინაციით შერჩევას შეეხებოდა.

ამავე თემაზე: