13 ივნისის სტიქიის შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა. როგორც თბილისის მთავრობის დღევანდელ, 28 მარტის სხდომაზე გაირკვა დაზარალებულთა ნაწილს კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღია.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერს ოჯახებისთვის კომპესაციების დროულად გაცემა დაავალა. ქალაქის მერის თქმით, დაზარალებულებს კომპენსაცია "უმოკლეს ვადაში" უნდა ჩაერიცხოთ.

"დარჩენილია რამდენიმე ოჯახი, თუმცა შესაძლოა, ეს გარკვეულ ლეგიტიმურ მიზეზებს უკავშირდებოდეს", - განაცხადა მერმა დღევანდელ სხდომაზე.

კალაძის თქმით, მაშინ მერიამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია, თუმცა ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ოჯახი, რომელსაც კომპენსაცია არ მიუღია.

2015 წლის 13 ივნისს სტიქიის შედეგად გარდაიცვალა 21 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი, დაზარალდა 239 ოჯახი და 1 041 ფიზიკური პირი, განადგურდა ზოოპარკის ინფრასტრუქტურა, დაიღუპა 281 ცხოველი.

განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი: კოჯორი სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი, თამარაშვილი-გმირთა მოედნის ტერიტორია, მზიური და ზოოპარკი. დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებები.