თუ თქვენ წლებია გაქვთ ანდროიდის ტელეფონი და ფეისბუქის აპლიკაციას იყენებთ, გეტყვით, რომ ეს უკანასკნელი ამ ხნის განმავლობაში თქვენი ყველა სატელეფონო ზარისა და მესიჯის შესახებ ინფორმაციას ინახავდა - თუმცა ეს ინფორმაცია არც ისეთი საგანგაშოა, როგორადაც ჟღერს.

პროგრამისტმა დილან მაკგეიმ პირველმა აღმოაჩინა, რომ ფეისბუქი მისი სატელეფონო ზარების ინფორმაციასა და მესიჯების მეტადატას ინახავდა. პროგრამისტმა ეს მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც აპლიკაციიდან საკუთარი ანგარიშის ასლი Zip ფაილში ჩამოტვირთა. მისი ვარაუდი Ars Technica-მაც დაადასტურა, რომელიც მაკგეის მსგავსად მოიქცა და ინფორმაცია ჩამოტვირთა.

საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაში ფეისბუქი ნაკლებად არის დამნაშავე. ფეისბუქის აპლიკაცია მიზანმიმართულად არ აგროვებდა ამ ჩანაწერებს. ანდროიდის სისტემის გავლით, მას ამის უფლება თავად მიეცით, როცა შესაბამის კითხვაზე დადებითი პასუხი გაეცით.

Ars Technica-ს ცნობით, თუ თქვენ ფეისბუქის აპლიკაციას თქვენს კონტაქტებზე წვდომის უფლება მიეცით, ეს ნიშნავს, რომ წვდომა ზარებსა და მესიჯებზეც გაუხსენით. მას შემდეგ, რაც გუგლმა ანდროიდ API განაახლა და 4.0 ვერსია შემოგვთავაზა, ეს პრობლემაც მოგვარდა და ახლა ფეისბუქის აპლიკაცია ვეღარ ინახავს თქვენს მონაცემებს. სხვათაშორის, ეს პრობლემა iOS-ის მომხმარებლებს არ შეხებიათ.

ამ აღმოჩენასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს ფეისბუქმაც გასცა პასუხი. მათი განცხადებით, ზარებისა და მესიჯების ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობა არჩევითია და ამის შესახებ თითოეულ მომხმარებელს აქვს თანხმობა მიცემული. ასევე, ფეისბუქის განცხადებით, თუკი გამორთავთ ამ ფუნქციას, აქამდე შენახული მონაცემებიც წაიშლება.