საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი მაღაროელის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფო ამ ვითარებას არ უნდა შეეგუოს. ნაცვლიშვილის თქმით, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსეული მდგომარეობა მიუღებელია.

"ფაქტობრივად, კვირა არ გავა ისე, რომ ჩვენ არ მოვისმინოთ ახალი შემზარავი ისტორია სამუშაო ადგილზე ადამიანის დაღუპვის შესახებ. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს ასეთ მძიმე ვითარებას სამუშაო ადგილებზე, როდესაც ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ადამიანის უსაფრთხოების თემა, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის თემა", - თქვა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, აუცილებელია, უკვე არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება. ნაცვლიშვილს განმარტებით, დამსაქმებელი ვალდებულია, რომ ყველა გონივრული ზომა მიიღოს, რათა მუშების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

დღეს, 26 მარტს ჭიათურის მაღაროში გვირაბის ჩამონგრევის შედეგად კიდევ ერთი მუშა, ზაზა აბრამიშვილი დაიღუპა. მაღაროელები ამბობენ, რომ უბანი, რომელშიც ბრიგადა მუშაობდა, ავარიული იყო, თუმცა მაღაროს ადმინისტრაცია იქ მუშაობას მაინც ავალებდა.