კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის გერმანიაში დაკავებას რეგიონში არეულობა მოჰყვა. ბარსელონაში საპროტესტო აქციაზე 55 ათასი ადამიანი გამოვიდა. პოლიციასთან შეტაკებისას დააკავეს ოთხი ადამიანი, ხოლო 90 დაშავდა.

კარლეს პუჩდემონი გერმანიის პოლიციამ 25 მარტს დააკავა. პუჩდემონი მაშინ დააკავეს, როცა ის მანქანით დანიისა და გერმანიის საზღვარს კვეთდა. კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ესპანეთის მიერ გაცემული ევროორდერის საფუძველზე დააკავეს.

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და საკონსტიტუციო კრიზისის შემდეგ ესპანეთის პრმიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ რეგიონს ავტონომია ჩამოართვა და პირდაპირი მმართველობა დაიწყო. რახოიმ დაითხოვა კატალონიის რეგიონული პარლამენტი და ვადამდელი არჩევნები 21 დეკემბერს დანიშნა.

პუჩდემონის დაკავების ორდერის გამოცემამდე, ესპანეთის სასამართლომ კატალონიის რვა ყოფილი მინისტრის დაკავების განკარგულება გასცა. მათ პუჩდემონთან ერთად ამბოხება, აჯანყებისკენ მოწოდება და სახელმწიფო სახსრების ბოროტად გამოყენება ედებათ ბრალად.

გაიგეთ მეტი: კატალონიის კრიზისი - დეტალები მოკლედ