ჭიათურის მაღაროში გვირაბის ჩამონგრევის შედეგად მუშა დაიღუპა. სხვა დაზარალებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დრომდე მიმდინარეობს მაღაროს გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე თბილისიდან რამდენიმე სამაშაველო ჯგუფია გაგზავნილი.

პროფკავშირების ინფორმაციით, 45 წლამდე ზაზა აბრამიშვილი ნანგრევების ქვეშ მოყვა. როგორც მაღაროელები ამბობენ, მაღაროს ჭერიდან დიდი ზომის ლოდები ჩამოიშალა და ერთ-ერთი ლოდი სწორედ ზაზა აბრამიშვილს დაეცა. მაღაროელები ამბობენ, რომ უბანი რომელშიც ბრიგადა სამუშაოებს აწარმოებდა ავარიული იყო, თუმცა მაღაროს ადმინისტრაცია მუშებს მაინც ავალდებულებდა იქ მუშაობას.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯეორჯიან მანგანეზი სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ, განცხადებას გაავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. მუხლი გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.